ახალი ჩრდილოური ფედერაცია

სკანდინავიის ქვეყნები გაერთიანების ძველ იდეას აცოცხლებენ. სამთავრობათშორისო სკანდინავიური საბჭოს ყოველწლიური სხდომების ბოლო რაუნდი, 22 ოქტომბერს რეგიონის ერთ-ერთ დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართა. ეს შეხვედრა ოჯახურ შეკრებას უფრო ჰგავდა, ვიდრე საერთაშორისო სამიტს. სამიტზე შვედმა ისტორიკოსმა გუნარ ვეტერბერგმა გამოთქვა ინიციატივა სკანდინავიური ფედერაციის შექმნის თაობაზე. მოსაზრების მიხედვით, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი, ერთი მონარქის – დანიის დედოფლის, მარგარეტის ტახტის ქვეშ უნდა გაერთიანდეს. ხუთ ქვეყანას დაემატება 3 ავტონომიური ტერიტორია – გრელანდია, ფარელის კუნძულები და ალანდა. რეგიონის ქვეყნები, რომელთაც აქვთ შიდა ავტონომიის ძლიერი ტრადიცია, შეინარჩუნებენ მას, ხოლო ეკონომიკა, ბაზარი, საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელება ფედერაციას დაეთმობა. როგორ შეეწყობა ის ევროკავშირს, ცნობილი არ არის, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც მისი სამი პოტენციური წევრი ქვეყანა – დანია, ფინეთი, შვედეთი ამ ორგანიზაციის  წევრია და ისლანდია კი გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. იდეის სულისჩამდგმელი გ. ვეტერბერგი აცხადებს, „ეს არის რეალისტური უტოპია, რომელიც შეიძლება 20 წლის განმავლობაში განხორციელდეს”. სკანდინავიის ფედერაციას ეყოლება 25-მილიონიანი მოსახლეობა და 1.6 ტრილიონი დოლარის ღირებულების მთლიანი შიდა პროდუქტით ის მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის მე-10 ადგილს დაიკავებს. ფედერაცია G20-შიც მიიღებს ადგილს. გაერთიანებული ეკონომიკა უფრო დინამიკური იქნება და უკეთ შეძლებს კეთილდღეობისა და ცხოვრების სტანდარტის ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას. მას დასჭირდება საერთო კონსტიტუცია, საკანონმდებლო ასამბლეა და მთავრობა. ამ ფედერაციის მოდელად შესაძლებელია შვეიცარია ან ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენონ.

ეჭვგარეშეა, რომ ფედერაციის დაარსება ხანგრძლივი პროცესი იქნება. ეს შეიძლება სკანდინავიური საბჭოს მიერ თანამშრომლობის ალტერნატიული ფორმების განხილვის შედეგად მოხდეს. მოგვიანებით, პარლამენტი და რეგიონის მოსახლეობა იტყვის საკუთარ სათქმელს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. თანხმობის შემთხვევაში დაახლოებით 2030 წლისათვის რეგიონი მზად იქნება, აირჩიოს თავისი პირველი ერთობლივი საკანონმდებლო კრება. 
 
ჩნდება კითხვა: თუ სკანდინავიური ფედერაციის შექმნა ასეთი კარგი იდეაა, რატომ არ განხორციელდა აქამდე? ამაში ვეტერბერგი ადანაშაულებს მე-16 საუკუნიდან დაწყებულ გაერთიანების ინიციატივებში საგარეო ფაქტორების უხეშ ჩარევას, რამაც მათ ერთობას ხელი შეუშალა. ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს შედარებით გვიანდელი წინააღმდეგობა: მე-20 საუკუნის შუა წლებში აშშ და სსრკ ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჰანსეატიკის ლიგაში შემავალი ქვეყნების უფრო მეტი დაახლოებისათვის. „ამჯერად, – აცხადებს ისტორიკოსი, – დიდი ძალები ვეღარ ჩაერევიან ამ ინიციატივაში და პირველად 600 წლის განმავლობაში, სკანდინავიის ქვეყნებს საშუალება ექნებათ, თავიანთი კოლექტიური მომავალი მშვიდად განსაზღვრონ”.
 
სკანდინავიის საბჭოს მიერ სამიტის წინ ჩატარებულ გამოკითხვაში რეგიონის მოქალაქეების 42% მაღალ ან უმაღლეს შეფასებას აძლევდა რეგიონალური პოლიტიკური გაერთიანების იდეას, მაგრამ დანარჩენი ნაწილი დაუპირისპირდა მას. უკიდურესი მემარჯვენე პარტიების ბოლოდროინდელმა გამარჯვებებმა სკანდინავიაში ცხადყო, რომ ეროვნული სუვერენიტეტის მოთხოვნილება რეგიონების ქვეყნებში გაიზარდა. ასე რომ, სკანდინავიის კავშირის იდეის განხორციელება ახლო მომავალში საეჭვოა.

კომენტარები