
რასმუსენმა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სიტყვები გაიმეორა. 2008 წელს საქართველო ელოდა, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) მიიღებდა, თუმცა ვერ შეძლო. პროცესი გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკა. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას დე ფაქტო ვეტო რუსეთმა დაადო.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. იგი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას თავისი „განსაკუთრებული ინტერესების სფეროში” შეჭრად აღიქვამდა. ევროპისთვის რუსეთის პოზიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა ბუქარესტის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, დაუფარავად განაცხადა, რომ ფრანგების გადაწყვეტილებას, ერთი ძირითადი ფაქტორი – რუსეთსა და ევროპას შორის ძალთა ბალანსი განაპირობებდა.
გერმანელი პოლიტიკოსები ნატოს დანარჩენ წევრებს აფრთხილებდნენ კიდეც, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია ამ გაერთიანებას რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრევდა. ამ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე გაამახვილა ყურადღება: „ქვეყნები, რომელთაც ტერიტორიული პრობლემები აქვთ, ნატოს წევრები ვერ გახდებიან”. აშშ-ის ადმინისტრაცია იძულებული გახდა გერმანელებისთვის მათივე ქვეყნის ისტორია შეეხსენებინა – შუაზე გაჭრილი გერმანიის დასავლეთი ნაწილი ალიანსში ხომ მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად მიიღეს. “ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ამბავი მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა 2008 წლის 25 ივლისს, ვარშავაში.
ცხადია, რომ 2008 წელს საქართველოც და უკრაინაც არაერთი მოუგვარებელი შიდა პრობლემის წინაშე იდგა. როგორც პრეზიდენტ ბუშის სპეციალურმა თანაშემწემ და ბუქარესტის სამიტის უშუალო მონაწილემ დეიმონ უილსონმა ტაბულასთან ინტერვიუში აღნიშნა (ტაბულა, აგვისტო 2010, N21), აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, ორივე ქვეყანა მზად იყო MAP-ისთვის. სამოქმედო გეგმა, მათ სწორედ 
ფოტო: NATO-ს ჯარისკაცი ავღანეთში
ყველაზე ნათლად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის მიზანი, მისმა პირველმა გენერალურმა მდივანმა ლორდ ისმეიმ ფრთიანი ფრაზით გამოთქვა: “რუსები გარეთ, ამერიკელები შიგნით, გერმანელები ქვევით”. მართლაც, NATO-ს ფარგლებში ორი მსოფლიო ომის ძირითადი მიზეზი აღმოიფხვრა: გერმანია-საფრანგეთის დაპირისპირება დასრულდა და, რაც მთავარია, დასავლეთ ევროპა გაწითლებას გადაურჩა. ატლანტიკურმა სოლიდარობამ შეძლო ის, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა – ევროპის კონტინენტზე ნახევარ საუკუნეზე მეტია, მშვიდობა სუფევს. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ალიანსს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო ორგანიზაციად. საბჭოთა კავშირის ნგრევასთან ერთად, გაქრა ის მიზანი, რომელიც ატლანტიკურ სოლიდარობას ედო საფუძვლად.
ისტორია ცხადყოფს, რომ სამხედრო ალიანსები მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ იშლება. NATO ამ გადმოსახედიდან ერთგვარ ანომალიად შეიძლება ჩაითვალოს. ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ ის, დაშლის ნაცვლად, გაფართოვდა. დამარცხებული ვარშავის პაქტის ქვეყნები დღეს ნატოს წევრები არიან. დაიწყო ტრიუმფალური დეკადა. ამ ხნის განმავლობაში ალიანსმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი ქმედუნარიანობა. ყველაზე ნათელი მაგალითი ბალკანეთის კონფლიქტი იყო. მაშინ ალიანსი ერთადერთი ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელმაც ბოსნიასა და კოსოვოში სისხლისღვრის დასრულება შეძლო.
ამ პერიოდს ამერიკელმა პოლიტოლოგმა, რობერტ კაგანმა ისტორიის არდადეგები უწოდა. არდადეგები 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტით დასრულდა. ეს მოვლენა, ნატოს ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, მისი წესდების ყბადაღებული მე-5 მუხლის ამოქმედების საფუძველი გახდა. მე-5 მუხლი, ნატოს წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, რომელიმე მოკავშირეზე თავდასხმა, ალიანსში შემავალ ყველა სახელმწიფოზე თავდასხმად განიხილოს.
ჩრდილოატლანტიკური ერთობა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. არსებობის პირველი 50 წლის განმავლობაში ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა რამდენიმე გამაერთიანებელ ფაქტორს ეყრდნობოდა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოთა საფრთხე იყო; მეორე – ამერიკის ეკონომიკური ინტერესი ევროპაში; მესამე კი – ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ ელიტებს შორის ისტორიული კავშირი. დღეისთვის ეს ფაქტორები შესუსტდა, სამაგიეროდ გაჩნდა ახალი საფრთხე – 
ფოტო: ბრანდენბურგის ჭიშკარი
საერთაშორისო ტერორიზმი ისე არ აშინებს ალიანსის წევრებს, როგორც საბჭოთა კავშირი. შეიძლება ითქვას, რომ NATO ორ ჯგუფადაა გაყოფილი: ერთ მხარესაა ანგლოსფერო და ახალი ევროპა, ხოლო მეორე მხარეს – ძველი ევროპა.
NATO-ს ავღანური კამპანია ორ დაჯგუფებას შორის არსებული განსხვავების ნათელი მაგალითია: მაშინ როდესაც პირველი დაჯგუფების ქვეყნები ომობენ, მეორე დაჯგუფება საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე ეროვნულ თვითშეზღუდვებს იწესებს და ჰუმანიტარული ოპერაციებითაა დაკავებული. შესაბამისად, მაშინ როცა აშშ-ის დანაკარგები ამ ოპერაციაში 1,192 ადამიანს შეადგენს, გერმანიას და საფრანგეთს ერთად 100 ადამიანიც არ დაუკარგავს.
განსხვავება ამ ორ ბლოკს შორის აშკარაა მათი სამხედრო პოტენციალების შედარებისასაც. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება არც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს დაუმალავს: “ევროპის დემილიტარიზაცია ... მე-20 საუკუნის წყალობიდან, 21-ე საუკუნის წყევლად იქცა”. თუ მე-20 საუკუნეში ევროპის განიარაღება მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა, 21-ე საუკუნეში ის ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს ხდის.
ალიანსის შიგნით კიდევ ერთ წყალგამყოფს რუსეთი წარმოადგენს. “მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის” შემდეგ, NATO-ს წევრებს შორის მოსკოვის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიკვეთა. განიარაღებული ევროპა, რუსეთის ეროვნულ თავმოყვარეობაზე ზრუნვას მიეცა და ფაქიზი მეთოდებით შეუდგა კრემლის დემოკრატიზაციას. შედეგად კი იმას მიაღწია, რომ კვლავინდებურად ავტორიტარულმა მოსკოვმა, იქით შესთავაზა საერთაშორისო წესრიგის რევიზია. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იოშკა ფიშერი ამბობს, “ახლა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დღის წესრიგს კრემლი განსაზღვრავს და თანაც მუდმივად არღვევს დადგენილ თამაშის წესებს”. რუსეთი ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან აფორმებს ხელშეკრულებებს და ამით ამ გაერთიანების საერთო სტრატეგიას ძირს უთხრის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ნორდსტრიმი, რომელსაც ზოგიერთი “ენერგეტიკულ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტსაც” უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას მისტრალის გარიგებაზე, როდესაც ნატოს წევრმა ქვეყანამ უგულებელყო რუსული საფრთხის ქვეშ მყოფ მოკავშირეთა შეშფოთება. მან შეიარაღება მისცა იმ ქვეყანას, რომლის შესაკავებლადაც შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. რუსეთმა ოსტატურად ისარგებლა ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობებით და ცენტრალურ აზიასა და უკრაინაში გავლენა აღიდგინა. უკრაინის ახალმა პრორუსულმა ხელმძღვანელობამ NATO-
ფოტო: პრეზიდენტი ტრუმენი ხელს აწერს NATO-ს დაარსების დოკუმენტს. 1949
რუსეთის მიმართ ერთგვაროვანი პოლიტიკის არარსებობა ალიანსის გაფართოებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას უქმნის. თავის დროზე, ამ პრობლემის წინაშე, საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, სოციალისტური ბანაკის სხვა ყოფილი ქვეყნებიც დადგნენ. ასე მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსის ცივი ომის შემდგომი გაფართოების პირველ ტალღაში ვერ მოხვდა, იმავე ქვეყნების წყალობით, რომლებმაც საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას შეუშალეს ხელი. გაწევრიანება მათ მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ, 2004 წელს მოახერხეს. ამ ხნის განმავლობაში, რეგიონში სტრატეგიული უსაფრთხოების ვაკუუმი ამერიკა-ბალტიის ქარტიამ შეავსო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქარტია, საქართველოსთან და უკრაინასთან გაფორმებული ანალოგიური დოკუმენტებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების უფრო სერიოზულ გარანტიებს ითვალისწინებდა. კრემლი, ყოფილი სატელიტი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას მაშინაც ისტერიულად აპროტესტებდა. ის იმუქრებოდა, რომ კალინინგრადში ბირთვულ შეიარაღებას განალაგებდა. ოღონდ მაშინ, დასუსტებულ რუსეთს მუქარის სისრულეში მოყვანის ძალა არ შესწევდა.
როგორც ბალტიის ქვეყნების, ისე სოციალისტური ბანაკის სხვა წევრების მაგალითი ცხადყოფს, რომ ძველი ევროპა არასდროს ეკიდება ენთუზიაზმით არა მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, არამედ ნებისმიერ სხვა ნაბიჯს, რამაც რუსეთის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. გაფართოების ინიციატორი და რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების მთავარი გარანტი ყოველთვის შეერთებული შტატებია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებში აშშ-ში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს, კონკრეტულად როდის და როგორ უნდა მოხდეს გაფართოება, ამას ხშირად ამერიკის შიდა პოლიტიკური დინამიკა განსაზღვრავს. ასე მაგალითად, ვიშეგრადის სამეულის ქვეყნების, პოლონეთის, უნგრეთის და ჩეხეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ მაშინ დადგა დღის წესრიგში, როდესაც ბილ კლინტონის ჯანდაცვის რეფორმის მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა და 1994 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებმა თავბრუდამხვევი წარმატება მოიპოვეს. ამ მარცხის შემდეგ, კლინტონის შესაძლებლობა, გავლენა მოეხდინა საშინაო პოლიტიკაზე, ოპოზიციური კონგრესის პირობებში მკვეთრად შეიზღუდა. ის, ნებსით თუ უნებლიეთ, იძულებული გახდა საგარეო პოლიტიკაზე გადართულიყო. სწორედ კონგრესის არჩევნების შემდეგ ჩაერთო ამერიკა ბალკანური კრიზისის მოგვარების პროცესში. ის წინ აღუდგა რუსეთის მოკავშირე სერბების მიერ ხორვატთა, ბოსნიელთა და კოსოვოელთა გენოციდს.
მიმდინარე მოვლენები შეუძლებელს ხდის ისტორიული პარალელებისთვის თავის არიდებას. დღეს შეერთებულ შტატებს, როგორც თეთრი სახლიდან, ისე კაპიტოლიუმის ბორცვიდან, ისევ დემოკრატები მართავენ. მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ცენტრალური ადგილი კვლავ ჯანდაცვის რეფორმას უკავია, რაც რესპუბლიკელებისთვის კონგრესზე კონტროლის დამყარების წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს. ზუსტად ისევე, როგორც 20 წლის წინ. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნოემბერში ობამას პარტიის საარჩევნო მარცხი, მისი საგარეო პოლიტიკის შეცვლის საწინდარი შეიძლება გახდეს. ზოგიერთი კი, ამ ცვლილებების პირველ ნიშნებს უკვე ხედავს და “გადატვირთვის გადატვირთვაზე” საუბრობს. გასულ კვირას Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში, რობერტ კაგანი ობამას პრეზიდენტობის ახალი ფაზის დაწყებაზე საუბრობს – “თუ პირველი ეტაპის მთავარი ამოცანა ამერიკის იმიჯის კორექტირება იყო, მეორე ფაზა ამერიკის გავლენის განმტკიცებას მიეძღვნება... თუ პირველი ეტაპი დიდ სახელმწიფოებთან, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გადატვირთვას ისახავდა მიზნად, მეორე ფაზაში ამერიკის ხელისუფლება გადატვირთვას საზღვარს მოუძებნის და უთანხმოების შემთხვევაში მკაცრ პოზიციას დაიჭერს”.

ფოტო: NATO-ს პირველი გენერალური მდივანი ლორდ ისმეი
თუმცა ქართულ დიპლომატიას საბოლოო გამარჯვებამდე გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლისაბონის სამიტი შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის მთავარი თემაც მომდევნო ათწლეულის სტრატეგიული კონცეფციის მიღება იქნება. ბუნებრივია, რომ აღნიშნულ კონცეფციაში საქართველოს მიმართ ღია კარის პოლიტიკისა და ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ფორმულირების შენარჩუნებას, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის პრინციპული დატვირთვა აქვს.
ამ საკითხის მნიშვნელობას განსაკუთრებით ზრდის ერთი გარემოება: ლისაბონის სამიტისთვის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით მრჩეველთა საბჭომ ექსპერტული დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტი საუბრობს NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე, მაგრამ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაზე პირდაპირ მინიშნებას არ შეიცავს. უფრო მეტიც, საქართველოს კონტექსტში აქცენტი უფრო მეტად ალიანსთან პარტნიორობაზე კეთდება, ვიდრე ორგანიზაციაში ინტეგრაციაზე.
ის, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ლისაბონის სამიტზე 2010 წლის ნოემბერში, დამოკიდებულია წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსზე. პრობლემა კი ისაა, რომ მართალია, შეერთებულ შტატებსა და ევროპას ჯერ კიდევ ბევრი რამ აერთიანებთ და არაერთ საკითხზე თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის მიღწევა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ისტორიულად ყველაზე ეფექტიანი ალიანსი, თანდათან ოსკარ უაილდის დორიან გრეის ემსგავსება. შინაგანად დაუძლურებული ორგანიზაცია, წლების მატების მიუხედავად, ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურება – ატარებს მინისტერიალებს და სამიტებს, გამოსცემს კომუნიკეებს და კონცეფციებს, არ იშურებს ნაირგვარ ვიზიტებს, ოღონდ მთავარია, რაიმე ქმედითის გაკეთება არ სთხოვო. პესიმისტები შიშობენ, რომ NATO ყველასგან შეუმჩნევლად განუტევებს სულს და მის გარდაცვალებას მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ, როდესაც ის ყველაზე მეტად დაგვჭირდება.
თუმცა, NATO-ს ბევრად უფრო ღრმა კრიზისები ახსოვს – ჯერ დე გოლის საფრანგეთის მიერ ალიანსის დატოვება რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ სუეცის კრიზისის დროს ერთი მხრივ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, მეორე მხრივ კი შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა, მოკავშირეებს უმკაცრესი სანქციები დაუწესა. შესაბამისად, შიშები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. როგორც ცნობილია, ის, რაც არ გკლავს, მხოლოდ გაძლიერებს.





