მომავალი მთავრობის ბედი დამოუკიდებელი დეპუტატების ხელშია

ჯულია ჯილარდი და ტონი აბოტი
 უკვე მესამე კვირაა, ავსტრალია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს ეძებს. 21 აგვისტოს ფედერალურ არჩევნებში ქვეყნის მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ, ჯულია ჯილარდის მეთაურობით, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 76 მანდატი ვერც კონსერვატიულმა, ლიბერალურმა პარტიამ დააგროვა. ამგვარი ვითარება ქვეყნის ისტორიაში 1940 წლის შემდეგ არ ყოფილა. როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებს მწვანეებთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან მართავენ.
ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატა 150 ადგილისგან შედგება. ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო მარათონში 73 მანდატით ლიბერალები ლიდერობენ. მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს წინა შემადგენლობასთან შედარებით 11 ადგილი დაკარგა და 72 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა. ერთი წარმომადგენელი ეყოლება მწვანეთა პარტიას; დამოუკიდებელ კანდიდატებს კი 4 ადგილი ერგებათ.
ინგლისში კონსერვატიული პარტიის გამარჯვების და აშშ-ში დემოკრატების რეიტინგის კლების ფონზე, ჩანს, ანგლო-ამერიკულ რეგიონში მემარცხენე იდეოლოგია პოპულარობას ნელ-ნელა კარგავს. გაზაფხულიდან მოყოლებული ავსტრალიაში მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ ამომრჩეველთა დაახლოებით 5,5%-ის მხარდაჭერა დაკარგა. ეს ტენდენცია მხოლოდ უხეირო ეკონომიკურ პოლიტიკას არ უკავშირდება. გლობალურ ფინანსურ კატაკლიზმებს ავსტრალიამდე არც კი მიუღწევია. მიუხედავად ამისა, მმართველ პარტიას მძიმე დარტყმა მიაყენა წინამორბედი პრემიერ-მინისტრის, კევინ რუდის, მაღაროს გადასახადის 40%-მდე გაზრდის ინიციატივამ. შედეგად, 24 ივლისს რუდი გადადგა. მოსახლეობის მხარდაჭერისა და პოლიტიკური ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად შიდაპარტიულმა ელიტამ ჯულია ჯილარდი შეარჩია.
ქვეყანას პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში. პარტიაში იმედოვნებდნენ, რომ იგი ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამოსწორებას შეძლებდა. მართლაც, მისი რეიტინგი ივნისში მკვეთრად გაიზარდა. საზოგადოების სიმპათიამ პრემიერ-მინისტრი შეაცდინა. მაშინ როცა ჯილარდი ჯერ კიდევ „თაფლობის თვით” უნდა დამტკბარიყო, ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნები უცებ 21 აგვისტოს გადმოიტანა. შიდაპარტიულმა უთანხმოებამ კი მის კანდიდატურაზე ცუდი გავლენა იქონია და პარტიის პოზიციები შეასუსტა.
ამ ფონზე, მოულოდნელ წარმატებას მიაღწია ლიბერალური პარტიის ლიდერმა ტონი აბოტმა. იგი არჩევნებამდე სულ რაღაც 9 თვით ადრე ჩაუდგა სათავეში მემარჯვენე-ცენტრისტ ლიბერალებს. უკიდურესად კონსერვატიული პოზიციების გამო, ელოდნენ, რომ აბოტი პოპულარული ვერ გახდებოდა. თუმცა, ლეიბორისტების რეიტინგის კლების პროპორციულად იზრდებოდა მისდამი მხარდაჭერა.
ავსტრალიის კურსის საბოლოო ბედს, მწვანეებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების პოზიცია გადაწყვეტს. ძირითადმა პარტიებმა დაიწყეს პოლიტიკური ვაჭრობა უპარტიო პარლამენტარებთან: ბობ კატერთან, რობერტ ოაკეშოტთან და ენტონი უინძორთან. მათ ადრე კავშირები ჰქონდათ კონსერვატიულ ეროვნულ პარტიასთან, რომელიც ლიბერალური კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორია. ჯულია ჯილარდი უპარტიო დეპუტატების მოხიბვლას საპარლამენტო რეფორმებისა და წარმომადგენლობით პალატაში დამოუკიდებელი სპიკერის პოსტის შემოღებით ცდილობს. ლიბერალებისადმი სიმპათიის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია საბოლოოდ ვის დაუჭერენ დამოუკიდებელი კანდიდატები მხარს.
მმართველ პარტიას უფრო გაუადვილდება საერთო ენის გამონახვა მწვანეებთან. ცნობილია, რომ ლიბერალი აბოტი გარემოს დაცვის საკითხებისადმი შედარებით სკეპტიკურად არის განწყობილი. მიუხედავად ამისა, მწვანეთა პარტიამ გარკვეული წვლილი შეიტანა ლეიბორისტების წარუმატებლობაში. სწორედ მათმა კანდიდატმა – ადამ ბანდტმა გაიმარჯვა მელბურნში და საკუთარ პარტიას ერთი მანდატი მოუტანა. ამ რეგიონში ტრადიციულად ლეიბორისტები ლიდერობდნენ. აგვისტოსთვის კი მწვანეების რეიტინგმა 4%-ით მოიმატა, რაც ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ხარჯზე მოხდა.
ავსტრალიაში დღეს მთავარი პოლიტიკური საკითხი მთავრობის ფორმირებაა. პარტიებს შორის მოლაპარაკებები ჭიანურდება. შედეგად, ახალი კაბინეტის შემადგენლობა შესაძლოა ნოემბრამდე ვერც კი გაირკვეს. არსებული ვითარება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. უკანასკნელ პერიოდში ავსტრალიური დოლარისა და სამთავრობო ობლიგაციების ფასები თანდათან იკლებს.

კომენტარები