ფიქლის გაზი - გაზპრომის ახალი თავსატეხი

უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება ინტერესი ფიქლის გაზის მიმართ. მისი მეშვეობით აშშ გაზის უდიდეს მწარმოებელ ქვეყნად იქცა 2009 წლისათვის. ამას მოჰყვა ევროპის, აზიის, კანადის გააქტიურება და სხვადასხვა კომპანიის მიერ ლიცენზიების შესყიდვა - მომპოვებელი სამუშაოების დასაწყებად რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ეს ყოველივე ნაკარნახევია ენერგოუსაფრთხოების მიღწევისა და მილსადენების დივერსიფიკაციის სურვილით.
დღეს ევროპა მოხმარებული გაზის უდიდეს ნაწილს ჩრდილოეთ აფრიკისგან, ნორვეგიისგან და რუსეთისგან იღებს; იგი დამოკიდებულია იმპორტზე. აღსანიშნავია, რომ ევროპის მოთხოვნას ბუნებრივ გაზზე 30%-ით რუსეთი აკმაყოფილებს და მიწოდებული გაზის 80% სწორედ უკრაინის გავლით გადის ევროპაში.
რუსეთი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ კომპანიას - გაზპრომს - იყენებს საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მისი ძირითადი სტრატეგია ევროპის ქვეყნების მიმართ „დაყავი და იბატონეს” პრინციპია. გაზპრომი თითოეულ დასავლურ კომპანიასთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებას დებს. შედეგად, ევროპული ქვეყნები დამოკიდებულნი არიან რუსეთზე - განსხვავებული დოზით - და უჭირთ ერთიანი, ეფექტური პოლიტიკის წარმოება მასთან ურთიერთობისას. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შესაძლოა ვითარება შეცვალოს.
აშშ-ში ფიქლის გაზის წარმოებამ დღეში 4,8 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწია, რაც მთლიანი წარმოების 20%-ს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ 20%-ით გაიზრდება. მსოფლიო მასშტაბით, ექსპერტები ელიან ფიქლის გაზის წარმოების გაზრდას 74%-ით. ბუნებრივი გაზის მწარმოებელ ქვეყნებში ფიქლის გაზის წილი დღეს უკვე 20%-ს შეადგენს. ამით შეიძლება აიხსნას განცხადება გაზის ფასის 15%-ით შემცირების შესახებ, რომელიც გაზპრომმა მარტის დასაწყისში გააკეთა. ადრე რუსეთი გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებდა და გაზის ფასს ნავთობისას უტოლებდა.
რამდენიმე კომპანიამ ევროპაში უკვე დაიწყო სამუშაო ფიქლის გაზის მოსაპოვებლად. ამ რესურსის პოტენციურ მფლობელად განიხილება პოლონეთი, ბულგარეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და უნგრეთი. Advanced Resources International-ის გამოთვლებით, პოლონეთს 3 მლრდ კუბური მეტრი ფიქლის გაზის წარმოების პოტენციალი აქვს, რაც 200 წლის განმავლობაში ეყოფოდა ქვეყანას. პოლონეთი წელიწადში 14 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. აქედან 70%-ს იგი რუსეთიდან იღებს. თუკი პროგნოზი გამართლდა, არა მხოლოდ შემცირდება პოლონეთის დამოკიდებულება რუსეთზე, არამედ, შესაძლოა იგი თავად გახდეს გაზის ექსპორტიორი. აღნიშნული პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ამ ქვეყნის მარაგები ევროკავშირის 27 ქვეყნის გაზის მოთხოვნას ექვსი წლის განმავლობაში მთლიანად დააკმაყოფილებს.
რესურსების აღმოჩენის იმედით, რამდენიმე კომპანიამ უკვე მოიპოვა ლიცენზია სამუშაოს დასაწყებად: Exxon-მა - გერმანიაში, უნგრეთსა და პოლონეთში, Conoco Phillips და Chevron-მა - პოლონეთში, Royal Dutch Shell-მა - სამხრეთ შვედეთში. თუმცა, მიუხედავად დამაიმედებელი პროგნოზებისა, ბევრია დაბრკოლებაც: სათანადო ტექნოლოგია ძვირადღირებულია, რის გამოც საეჭვოა პროექტის მოგებიანობა. ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზარალიც, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე. არსებობს წყლის დაბინძურების საფრთხე. ეს გახდა მიზეზი აშშ-ს ზოგიერთ რეგიონში ფიქლის გაზის მოპოვების შეფერხებისა. თუმცა, პოტსდამში გერმანული გეოლოგიური კვლევითი ცენტრის გეოლოგი, ჰანს მარტინ ჰელცი აღნიშნავს, რომ აშშ-სგან განსხვავებით, ფიქლის გაზის მარაგები ევროპაში, განსაკუთრებით პოლონეთსა და უკრაინაში, კონცენტრირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწებთან, შორს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებისგან. აგრეთვე, ევროპაში უკვე განვითარებულია მილსადენთა ქსელი და მოპოვებული გაზის მიწოდება ბაზრებისთვის მოკლე დროს მოითხოვს. წინასწარი გამოთვლებით ევროპაში 500 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის აღმოჩენაა მოსალოდნელი.
სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ევროპაში აღმოჩენილი მარაგები უარესი ხარისხის იქნება, ვიდრე ამერიკული. გარდა ამისა, International Egency Agency-ს ცნობით, ფიქლის გაზის მარაგებით ევროპა ჩამორჩება როგორც ამერიკას, ასევე ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას. მისი პოტენციური მარაგები 500 ტრილიონ კუბურ მეტრს არ აღემატება.
გაზპრომი ხაზს უსვამს თხევადი გაზის უპირატესობას და ფიქლის გაზს ნაკლებად პერსპექტიულად მიიჩნევს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ მედვედევმა, ფიქლის გაზს „საშიშიც” კი უწოდა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ 2009 წლის ოქტომბერში გაზპრომმა ამერიკული კომპანიების აქციების შესყიდვის სურვილი გამოთქვა. ამ გზით რუსეთი შეძლებს ფიქლის გაზის მოსაპოვებლად საჭირო გამოცდილების მიღებას.
უმძიმესი დარტყმა რუსული ენერგოსექტორისთვის იყო შტოკმანის საბადოს ამუშავების გადადება ფასების დაცემის გამო. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საბადო მსოფლიოში, პოტენციური 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსით. სწორედ ამ საბადოდან მოპოვებულ გაზს უნდა უზრუნველეყო ჩრდილოეთ ნაკადის მეორე ეტაპი. დღეს ექსპერტები არ გამორიცხავენ საბადოს ამოქმედების ხელახალ გადადებას.
ამერიკაში ბურღვით სამუშაოებს წლები დასჭირდა. ევროპა სულ მცირე ოცი წელი უნდა ელოდოს რამე ხელმოსაჭიდ ეფექტს. ამასობაში აშშ-ში მიმდინარე მოვლენები მაინც ახდენს გავლენას გაზისა და ნავთობის საერთაშორისო ფასზე. ბეიკერის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ფიქლის გაზის გაზრდილი წარმოება შეამცირებს სპარსეთის ყურისა და რუსეთის გავლენას ფასების ფორმირებაზე. ამგვარი ვითარება დამაიმედებელია ევროპისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად წარმატებულად წარიმართება სამუშაოები ამ რესურსების აღმოსაჩენად. ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გაზპრომს ახალი საფიქრალი გამოუჩნდა. ის კვლავაც მილსადენებით მიწოდებულ თხევად გაზს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მშვიდად ვერ უყურებს ევროპის ქვეყნების გააქტიურებას ალტერნატიული გაზის მისაღებად. რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა და სტრატეგიის შეცვლა მოუწევს. ბუნებრივი რესურსების მინისტრმა იური ტრუტნევმა 19 აპრილს განაცხადა, რომ გაზპრომისათვის ფიქლის გაზის წარმოება „პრობლემას წარმოადგენს”.



 

კომენტარები