კინო

ათი ყველაზე სახიფათო მდედრი ანუ მამალი ქალები კინოში

ბონი - ბონი და კლაიდი (1967)
ბონი პარკერი სექსუალური, მიმზიდველი ქალია. ცხოვრების ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად ის ყველაფერს გააკეთებს, ბანკის ძარცვიდან დაწყებული საკუთარი დედის მანქანის ქურდის შეყვარებით დამთავრებული. მას ნებისმიერის ცდუნება შეუძლია. ცეცხლოვანი ქალია, თუმცა საშიში.

ენი უილკსი (კეიტი ბეითსი) – მიზერი (1990)
ენი უილკსის მაგვარი ფანატები ნებისმიერ შემოქმედს დააკარგვინებენ რაიმეს შექმნის სურვილს. ქალი იმდენადაა შეყვარებული ერთ-ერთი წიგნის პერსონაჟზე, მიზერიზე, რომ მზადაა, ავტორს მუხლები ჩაქუჩით დაუმტვრიოს, რათა ამ უკანასკნელმა წიგნის წერა განაგრძოს. კეიტი ბეითსმა ამ როლისთვის დამსახურებულად მიიღო ოსკარი, რადგან, ენი უილკსთან შედარებით, ნებისმიერი მანიაკი ანგელოზად მოგეჩვენებათ.

მელორი ნოქსი (ჯულიეტ ლუისი) – მკვლელებად დაბადებულნი (1994)
ოლივერ სტოუნისა და ქუენტინ ტარანტინოს მიერ შექმნილი პერსონაჟი. ის თავის ფსიქოპატ მეუღლესთან ერთად ამერიკას ატერორებს. მელორისთან საქმის დაჭერა სიკვდილის ტოლფასია. ის ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაგისტურმებს საიქიოს.

ნიკიტა (ანნე პარილო) – ნიკიტა (1990)
ეს გოგონა ამ სიაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. მასზე მეტი ადამიანი მხოლოდ ჟან კლოდ ვან დამსა და სტივენ სიგალს ჰყავთ მოკლული. ის ცივსისხლიანი ქილერია, რომლის ეგოიზმს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მედდა რეჩეტი (ლუისა ფლეთჩერი) – ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (1975)
გაგაჟრჟოლათ ამ სახელის გახსენებაზე?! სადისტი, აგრესიული მედდა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ჯოჯოხეთად აქცევს. თუ შემთხვევით არ გინახავთ მილოშ ფორმანის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, სასწრაფოდ ნახეთ. გარდა იმისა, რომ უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ, კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცივსისხლიან არსებას გაიცნობთ.

სარა კონორი (ლინდა ჰემილტონი) – ტერმინატორი (1,2) (1984. 1991)
სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, სარა კონორთან შეხვედრა შარია. ამ პერსონაჟის გარშემო მუდამ გამანადგურებელი რობოტები ტრიალებენ. მისი გამოჩენა, სიკვდილით თუ არა, დაინვალიდებით მაინც დასრულდება.

ტრინიტი (კერი ენ მოსი) – მატრიცა (ტრილოგია) (1999.2003.2003)
შეყვარებული ვინ არ ყოფილა?! მაგრამ ისეთი სიყვარულით, როგორც ტრინიტის უყვარს, ცოტა თუ დაიკვეხნის. ნეოს დასაცავად და გადასარჩენად ის მზადაა, ნებისმიერს შუბლი გაუხვრიტოს, აღმოსავლური საბრძოლო ილეთების გამოყენებით სასიკვდილოდ ცემოს ან, უბრალოდ, აფრინდეს და სახეში ფეხი უთავაზოს რიგით მოქალაქეს. ტრინიტი, თავისი შავი ტყავის კოსტიუმით, დამსახურებულ მეოთხე ადგილზეა ყველაზე სახიფათო ქალების ათეულში.

ასამი იამაძაკი (ეიჰი შიინა) – კინოსინჯები (1999)
კარგია, როდესაც ქალი საყვარელი მამაკაცისგან ერთგულებას ითხოვს, მაგრამ ძალიან ცუდია, თუ პატარა ეჭვის გაჩენისთანავე ნაწილ-ნაწილ აკუწვას უწყებს. ასამი იამაძაკი, ერთი შეხედვით, სათნო და მშვიდი გოგონა, ნამდვილი სადისტია, რომელიც ხელის აუკანკალებლად მოგაჭრის ფეხს ან ზედმეტ ყურს მოგაკერებს, თუ წამით მაინც მისცემ ეჭვიანობის საბაბს.

პატარძალი (უმა თურმანი) – მოკალი ბილი (1,2) (2003.2004)
სერიული მკვლელი “პენსიაზე” გავიდა. ქორწილის დღეს ყოფილმა უფროსმა, ბილიმ, თავში ტყვია ესროლა. პატარძალი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა კომაში ჩავარდა. წარმოიდგინეთ, ოთხი წლის შემდეგ კომიდან გამოდის, თავის კატანას (სამურაის ხმალი) იღებს და ბილის დასასჯელად მიეშურება. არ დაგავიწყდეთ, ქორწილის დღეს ორსულად იყო. უმჯობესია გამწარებულ დედას, რომელიც კარგად ფლობს ხმლით ბრძოლის ტექნიკას, არსად შეხვდე, თორემ სისხლისგან დაცლა ან გველის ნაკბენით სიკვდილი გარანტირებული გაქვს.

ელენ რიპლი (სიგუნი უივერი) – უცხო (ტეტრალოგია) (1979. 1986. 1992. 1997)
პირველი ადგილი უკონკურენტო იყო. ელენ რიპლი საკულტო პერსონაჟია, რომელსაც რამდენიმე ათეული მტაცებელი უცხოპლანეტელი ჰყავს განადგურებული. მისთვის შიში უცნობი ხილია, ფლობს ნებისმიერ იარაღს და მისი სისხლი მომაკვდინებელია. ის უცხოებს მაგნიტივით იზიდავს და თავის გადასარჩენად გზად ყველაფერს ანადგურებს. ამ პერსონაჟთან შედარებით ბრიუს უილისი და ვინ დიზელი, თავიანთი ფილმოგრაფიით, მეოთხეკლასელ ბალეტის მოცეკვავეებს ჰგვანან. ესეც შენი სუსტი სქესის წარმომადგენელი.

 

კომენტარები