Forbes

მდიდარი მსოფლიო ფორბსის თვალით

კარლოს სლიმი

ფორბსმა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა: აზია მილიარდერთა ყველაზე მზარდი ბუდეა; ამერიკამ ტემპი დააგდო, ხოლო ევროპაში ყველაზე მეტი მილიარდერი რუსია.
მსოფლიოს, სამ წელიწადში მესამედ, ახალი უმდიდრესი ადამიანი ჰყავს. 1995 წლის შემდეგ ბილ გეითსმა ტიტული მხოლოდ მეორედ დაკარგა. მექსიკელმა ოლიგარქმა კარლოს სლიმმა სულ რაღაც 7 მილიონი აშშ დოლარით გაუსწრო მეტოქეს და ფორბსის სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. მესამე ადგილი ინვესტორმა უორენ ბაფეტმა დაიკავა. ტრიომ შარშან დაკარგული 68 მილიარდი აშშ დოლარიდან 41.5 მილიარდი წელს უკან დაიბრუნა.
2010 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, თითქმის მესამედით შემცირებულ მილიარდერთა რიცხვიც გაიზარდა. დღეს მსოფლიოს 1011 მილიარდერი ჰყავს, შარშან 793 ჰყავდა; შარშანწინ - 1125. მილიარდერთა ქონება, შარშანდელთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა და დღეს 3.5 მილიარდი აშშ დოლარია, რაც შარშანდელ მონაცემს 7-ჯერ აღემატება. ფორბსის ჩამონათვალში ქალების რიცხვიც გაიზარდა: თუ შარშან 72 იყო, წელს 89 ქალი მილიარდერია.
ფორბსის მილიარდერთა კლუბს წელს 30 წევრი გამოეთიშა, მათ შორის, რუსი ბორის ბერეზოვსკიც. შარშანდელი სიის 13 წევრი კი გარდაიცვალა.
შარშანდელთან შედარებით, 11 ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და სამხრეთ კორეაში მილიარდერთა რიცხვი გაორმაგდა. ფორბსის ჩამონათვალში სულ 55 ქვეყანა მოხვდა. მაშინ, როცა თურქეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა შარშან დაკარგული მილიარდერები უკან დაიბრუნეს, პაკისტანსა და ფინეთში პირველი მილიარდერები გამოჩნდნენ.
2010 წელს უკან მობრუნებულ მილიარდერთა რიცხვმა 164-ს მიაღწია. მათ შორისაა ფეისბუქის დამფინანსებელი მარკ ზაკერბერგი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია: 25 წლის ასაკში იგი 4 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია.
სიმდიდრე მეორე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმაც სოციალური ქსელის მეშვეობით დააგროვა: იაპონელი იოშიკაცუ ტანაკა 33 წლის ასაკში 1.4 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს. ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი 99 წლის შვეიცარიელი უოლტერ ჰეფნერია, რომელსაც 3.3 მილიარდი აშშ დოლარი აქვს.
აზია, მილიარდერების რაოდენობით, ჩამონათვალის ლიდერია. აზიის რეგიონს 104 მაგნატი შეემატა და დღეს ევროპას მხოლოდ 14-ით ჩამორჩება. აზიელი მილიარდერების საერთო შემოსავალმა 729 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აზიელთა ჩამონათვალში 53 წლის ბრაზილიელმა ეიკ ბატისტამ შარშან 7.5 მილიარდი აშშ დოლარიდან, წელს 27 მილიარდი დოლარი დააგროვა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს ასრულებს 2 ინდოელი - ბენზინის, ნავთობისა და გაზის მაგნატი მუქეშ ამბანი - 29 მილიარდი აშშ დოლარით და ფოლადის მაგნატი ლაქშმი მიტალი - 28.7 მილიარდი აშშ დოლარით.
აზიელთა მიღწევებს ჩამორჩება ამერიკაც და ევროპაც. ფორბსის რეიტინგში, 97 დებიუტანტ მილიარდერს შორის, 62 აზიელია. აზიაში ყველაზე მეტი - 89 - მილიარდერი ჩინეთშია (ჰონგ კონგის ჩათვლით). დებიუტანტ მილიარდერებს შორის ამერიკელი მხოლოდ 16%-ია.
წელს შეერთებული შტატები კოლექტიური მსოფლიო სიმდიდრის - 3.6 ტრილიონი დოლარის - 38%-ია, რაც, შარშანდელთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.
ევროპაში მილიარდერთა რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთია. რუსეთს 62 მილიარდერი ჰყავს, მათგან 28, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, რეიტინგში წელს ისევ დაბრუნდა. რუსი მილიარდერების ნომერ პირველი მილიარდერი ფორბსის რეიტინგში, 15.8 მილიარდი დოლარით 32-ე ადგილზეა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ასეულში კიდევ 10 რუსი მოხვდა. მსოფლიოს 1011 მილიარდერთა შორის აღმოჩნდა 1 რუსი ქალიც: მოსკოვის მერის, ლუჟკოვის მეუღლე 2.9 მილიარდი დოლარით რეიტინგში 342-ე ადგილზე გავიდა.
 

კომენტარები