ევროკომისიამ 20 ივლისს ჩინური კომპანია Alibaba-ს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AliExpress €550 მილიონით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ კომპანიამ სათანადოდ არ შეაფასა და არ შეამცირა არალეგალური, სახიფათო და ყალბი პროდუქტების გაყიდვასთან დაკავშირებული რისკები, რითაც ციფრული სერვისების აქტი (DSA) დაირღვა.
"ყალბი ტანსაცმლის, სახიფათო სათამაშოების, საშიში კოსმეტიკური საშუალებების და სხვა უკანონო და მავნე პროდუქტების გავრცელება ონლაინ შოპინგის გარდაუვალი ხარჯი არ არის – ეს AliExpress-ის მიერ ციფრული სერვისების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას წარმოადგენს." – განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმა.
პრესრელიზის მიხედვით, AliExpress-მა სათანადოდ ვერ შეაფასა, ჰყავდა თუ არა საკმარისი თანამშრომლები პოტენციურად არალეგალური პროდუქტების შესამოწმებლად და ასევე არაადეკვატურად შეფასდა, თუ როგორ აუარესებს პლატფორმის სარეკომენდაციო და სარეკლამო სისტემები არალეგალური პროდუქციის გავრცელების პრობლემას.
"დღეს გამოცხადებული ჯარიმის გამოთვლისას გათვალისწინებული იყო დარღვევების ბუნება, ევროკავშირის დაზარალებული მომხმარებლების კუთხით მათი სიმძიმე, და მათი ხანგრძლივობა, რაც, სულ მცირე, 2025 წლის ივნისამდე გრძელდებოდა, როცა კომისიამ AliExpress-ის წინააღმდეგ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა." – ვკითხულობთ პრესრელიზში.
ახლა AliExpress-ს 20 ოქტომბრამდე აქვს ვადა, რათა წარადგინოს გეგმა, რომელშიც განმარტავს, თუ როგორ აპირებს კომპანია დარღვევების გამოსწორებასა და არალეგალურ, სახიფათო და ყალბ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების უკეთ შეფასებასა და მათ შემცირებას.
ცნობისთვის, ევროკომისიამ იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა AliExpress-მა ციფრული სერვისების აქტი, საქმის წარმოება ფორმალურად 2024 წლის მარტში დაიწყო და ჩინურ კომპანიას ბრალი გასული წლის ივნისში წარუდგინა.
აქამდე ევროკავშირს ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის მხოლოდ ორი კომპანია ჰყავდა დაჯარიმებული: ილონ მასკის X, რომელიც 2025 წლის დეკემბერში €120 მილიონით დაჯარიმდა, მათ შორის, სარეკლამო ბიბლიოთეკის გაუმჭვირვალობისთვის და შეცდომაში შემყვანი "ლურჯი მონიშვნის“ სისტემის გამო, და ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu, რომელიც ევროკავშირმა მიმდინარე წლის მაისში €200 მილიონით დააჯარიმა საიტზე არალეგალური და სახიფათო პროდუქციის ხელმისაწვდომობის მხრივ სისტემური რისკების არასათანადოდ შეფასების გამო.





