ქართული ოცნების პოლიტიკა

ზარქუა: უკან დახევა არ იქნება, "გამჭვირვალობის კანონით" უსამშობლოების დაფინანსება შემცირდა

ჩვენ მაშინაც ვთქვით და ახლაც ვამბობთ, რომ მზად ვართ, ვისაც აქვს ინტერესი და სურვილი, ავუხსნათ ამ კანონის მნიშვნელობა, რატომ იქნა მიღებული. ამას გულისხმობს ბატონი სამხარაძე. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ევროპულ თუ არაევროპულ კეთილმოსურნეს ავუხსნათ, "გამჭვირვალობის კანონი" რისთვის იქნა მიღებული. თუ ექნებათ საპირისპირო არგუმენტები, ჩვენ მოვისმენთ და ვიმსჯელებთ.

არანაირი უკან დახევა არ იქნება, იმიტომ რომ "გამჭვირვალობის კანონმა" და "ფარამ" შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილიც კი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ "გამჭვირვალობის კანონი" მიიღონ. საქართველოს კი "აშავებდნენ", აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ ამ კანონის გამო. ახლა თურმე ყველასთვის აუცილებელი ყოფილა ეს კანონი.

"გამჭვირვალობის კანონი" მნიშვნელოვანია. ის მოქმედებს და მომავალშიც ასე იქნება. ვინმეს თუ კითხვა აქვს, მზად ვართ ამ თემაზე ვისაუბროთ, არგუმენტირებულად ავუხსნათ, თუ რატომ იქნა ეს კანონი მიღებული.

უკან დახევა რა შუაშია?! ამ კანონს არ გავიწვევთ, იმიტომ რომ ეს კანონი სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ, ინტერპრესნიუსის ცნობით.

ცნობისთვის, ივანიშვილის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს.

კომენტარები