გაერთიანებული სამეფო

BBC: სტარმერთან დაკავშირებულ საკუთრებაზე თავდასხმების უკან რუსეთი იდგა

BBC აქვეყნებს გამოძიებას, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან დაკავშირებული საკუთრებისთვის განზრახ ცეცხლის წაკიდება რუსეთის დავალებით შესრულდა. 

როგორც BBC წერს, რომან ლავრინოვიჩმა, დავალების შემსრულებელმა 22 წლის უკრაინელმა, რომელიც 15 ივნისს ცეცხლის წაკიდების შეთქმულებაში  დამნაშავედ ცნეს, ძალიან ცოტა იცოდა სტარმერის შესახებ, რამაც დამქირავებლისთვის მისი გამოყენება მარტივი გახადა.

გამოცემა იუწყება, რომ ლავრინოვიჩის დამქირავებელი არის 23 წლის რუსი დიპლომატი ფსევდონიმით "EL", რომელსაც შესწავლილი აქვს საინფორმაციო ომი ჯაშუშებისა და პროპაგანდისტების დახმარებით და ის ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსნის შვილია. გამოძიების მიხედვით, მისი სახელი ევგენი ლიუშკინია.

BBC-ს ცნობით, EL-მა ლავრინოვიჩი ტელეგრამის ჯფუფიდან დაიქირავა, რომელიც იყო განკუთვნილი ლონდონში მცხოვრები უკრაინელებისთვის, რომლებიც სამსახურს ეძებენ.

პირველი კონტაქტის შემდეგ, ლავრინოვიჩს დაევალა დანაშაულის ესკალაცია, პლაკატების გაკვრიდან დაწყებული, გრაფიტით და ცეცხლის განზრახ წაკიდებით დამთავრებული. როგორც BBC წერს, ლავრინოვიჩმა იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა საქმიანობას იმ იმედით, რომ ანაზღაურებას მიიღებდა.

BBC-ს მიხედვით, EL ტელეგრამში აქტიურად წერდა პრორუსულ და ანტი-უკრაინულ არხებში მესიჯებს, როგორიცაა "აშკარაა, რომ პუტინი თეთრი რასის ლიდერია" და, პარალელურად, აქტიურად ეძებდა "გრაფიტის მხატვრებს" უკრაინულ ჯგუფებში.

"იმუშავე ერის დიდებისთვის, რათა გააბრაზო შენი მტრები," - წერდა EL დაქირავებულებს და განზრახ ცეცხლგამჩენი თავდასხმებისთვის ჯილდოდ 1000 დოლარი (749 ფუნტი სტერლინგი) და რუსეთის მოქალაქეობა სთავაზობდა.

გამოძიების მიხედვით, EL ასევე ხელმძღვანელობდა ანტი-ისლამურ დაჯგუფებას Direct Action, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის შემოდგომას გამოჩნდა სოციალურ ქსელებში.

დაჯგუფება თავს წარმოაჩენდა, როგორც ორგანული ბრიტანული წამოწყებას, თუმცა, სინამდვილეში, რუსული ოპერაცია იყო.

ამ ინიციატივის ფარგლებში EL და მისი თანამზრახველები იქირავებდნენ "გრაფიტის მხატვრებს" და მათ ისლამოფობიური გრაფიტისთვის ანაზღაურებას სთავაზობდნენ.

გამოძიების თანახმად, Direct Action-ამდე, EL ხელმძღვანელობდა ისლამისტურ დაჯგუფებას Takbir Foundation, რომელიც არამუსლიმებს ისლამური გრაფიტის დახატვაში ფულს სთავაზობდა.

BBC-ს ცნობით, EL-ის რეალური იდენტობა, სავარაუდოდ, ევგენი ლიუშკინია. ლიუშკინის მამა რუსი დიპლომატია, რომელიც ადრე დანიაში საელჩოში მრჩევლად მუშაობდა.

არსებობს ლიუშკინის არაერთი ფოტო, სადაც ის გამოსახულია რუს მაღალჩინოსნებთან ერთად. მაგალითად, თებერვალში, დიპლომატების დღეს, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს უკან დგას. ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

გამოცემის ინფორმაციით, ლიუკშინი სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (MGIMO), დიპლომატიურ აკადემიაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს.

 

კომენტარები