4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს, ვახო ფიცხელაურს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

IPN

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.

აღნიშნულ ეპიზოდზე საპროცესო შეთანხმებას უკვე დასთანხმდა 7 პირი: ალექსანდრე ხაბეიშვილი; ბექა ქელეხსაშვილი; გიორგი მუმლაძე; მამუკა ლაბუჩიძე; გურიელ ქარდავა; ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე.

საქმის პროკურორი ლაშა ცქვიტარია ამბობს, რომ ამ ადამიანებმა დანაშაული აღიარეს და საპროცესოს გაფორმებაზე ბრალდების მხარეს თავად მიმართეს.

"ამ ეტაპზე, ეს 7 პირი მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს და ინანიებს. სახელმწიფო ბრალდებამ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა და მზაობა გამოხატა. შვიდივე ბრალდებულს 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება და უახლოეს პერიოდში, ეს ადამიანები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან". - თქვა საქმის პროკურორმა.

პროკურორის თქმით, ამ 7 ადამიანის საქმე ცალკე გამოიყოფა და მოსამართლე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხზე იმსჯელებს. მისი ვარაუდით, ეს პროცესი მომდევნო კვირის ბოლომდე გაიმართება.

ცნობისთვის, ამ 7 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. ასევე, მათ ბრალდება 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

საერთო ჯამში, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 22 პირს უფორმდება საპროცესო შეთანხმება.


2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს". ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება". მოქალაქეთა ნაწილმა ორბელიანების სასახლის ეზოში ჯებირები მოარღვია - გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.

კომენტარები