აშშ-ირანის მოლაპარაკებები

აშშ-სთან მოლაპარაკებების ფონზე ირანელმა ოფიცერმა ომის განახლებას "გარდაუვალი" უწოდა

REUTERS/Raheb Homavandi

ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, გავლენიანმა ირანელმა სამხედრო ოფიცერმა აშშ-სთან ომის განახლებას "გარდაუვალი" უწოდა იმ ფონზე, როცა მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა, რის მიუხედავადაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს რომ თეირანთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. 

"აშშ ჩვენს სრულ დანებებას ითხოვს და ირანი არასდროს დანებდება." – განაცხადა ირანულის ცენტრალური სამხედრო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, მოჰამად ჯაფარ ასადიმ. "დანებების გარეშე ომი გარდაუვალია." – განმარტა მან. 

პარალელურად, ირანული Mehr News-ის მიხედვით, ირანელი მაღალჩინოსნები კვლავ განიხილავენ აშშ-სთან პოტენციური შეთანხმების ბოლო წინადადებას და ვაშინგტონისთვის პასუხი ჯერ კიდევ არ გაუგზავნიათ. 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანში ჰეზბოლაზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების გამო თეირანმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები შეაჩერა, თუმცა, რამდენიმე საათში პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ ირანთან დიალოგი გრძელდება. 

ამას გარდა, გამოცემა Axios-მა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ 1-ელ ივნისს სატელეფონო ზარის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უყვირა და მას ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმება მოსთხოვა.

Axios-ის ორი წყაროს მიხედვით, ლიბანში ისრაელის საბრძოლო მოქმედებების გამო ირანის მხრიდან აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტის მუქარის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუს "გიჟი" უწოდა და მას უმადურობაში დასდო ბრალი.

ერთ-ერთ ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ლიბანის დედაქალაქის დაბომბვის მუქარის სისრულეში მოყვანა მსოფლიოში ისრაელის უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევდა. 

გამოცემასთან საუბრისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ნეთანიაჰუსადმი ტრამპის სიტყვები შემდეგნაირად შეაჯამა: "შენ გიჟი ხარ. მე რომ არა, ციხეში იქნებოდი. მე შენ გიცავ. ახლა ყველას სძულხარ. ამის გამო, ისრაელი ყველას სძულს."

ნეთანიაჰუსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის პრემიერთან "პროდუქტიული საუბარი" ჰქონდა, რის ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელის "სამხედროები ბეირუთში არ შევლენ" და ამ მიმართულებით მიმავალი ჯარისკაცები "უკვე უკან გაბრუნდნენ". ამავე ტექსტში ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან კარგი ზარი" ჰქონდა ჰეზბოლასთანაც და დაამატა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის "სროლა შეწყდებოდა".

ცნობისთვის, ბეირუთზე იერიშების მიტანის მუქარის პარალელურად, გასულ კვირაში ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა, რის ფარგლებშიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ისტორიული ბოფორის ციხესიმაგრე და მის გარშემო არსებული სტრატეგიული ქედი დაიკავეს, რასაც ნეთანიაჰუმ "დრამატული ცვლილება" უწოდა. მოგვიანებით გამოცემა Axios-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ ისრაელი ბეირუთში ჰეზბოლას სამიზნეებზე დარტყმებს აღარ აპირებს. 

თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ ტრამპთან სატელეფონო ზარის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მან ტრამპს უთხრა, რომ თუკი ჰეზბოლა ისრაელზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში მათ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს, ამ ხნის განმავლობაში კი, ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს. 

კომენტარები