უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სამხედრო მეთაურებს შორის რიგი შეხვედრების შემდეგ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ "საზოგადოების პოზიცია მოისმინა" და "შედეგები მიღწეული იქნება".
ამ ფონზე უკრაინული მედია Українська правда წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის გადაყენებას განიხილავს. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს Financial Times-იც.
"ბოლო შიდა ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ ძლიერი ემოციები გამოიწვია. მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც თავიანთი პოზიცია გამოხატეს. არაგულგრილობა ის ძალაა, რომელმაც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო შეინარჩუნა." – განაცხადა ბუდანოვმა და დაამატა, რომ მთავრობამ საზოგადოების პოზიცია მოისმინა: "მუშაობა მიმდინარეობს. შედეგები იქნება."
შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე ოლექსანდრ სირსკის დატოვება განხილვის მთავარი საკითხი გახდა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინის პრეზიდენტმა ფედოროვი პოსტიდან გასულ კვირაში დაითხოვა, რასაც, ფედოროვის თქმით, წინ უძღოდა სირსკის მხრიდან ზელენსკისთვის "ულტიმატუმის" წაყენება. თუმცა, თანამდებობიდან ფედოროვის გათავისუფლებას უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.
Financial Times წერს, რომ ზელენსკიმ სირსკის გადაყენების განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. ამ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ფედოროვსა და სირსკის შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში იმდენად გაუარესდა, რომ ისინი ერთმანეთსაც კი აღარ ელაპარაკებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტის შუამავლობით მართავდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.
16 ივლისს, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფედოროვმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სირსკი თავდაცვის სამინისტროში რეფორმების გატარებას ბლოკავდა. მან სირსკი ასევე კორუფციის ხელშეწყობაშიც დაადანაშაულა.
ამასთან, ფედოროვმა აღნიშნა, რომ მას სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით ზელენსკისთვის უკვე მიმართა, რადგან რუსეთს დასამარცხებლად ახალი გავლენიანი სამხედრო ხელმძღვანელობის დანიშვნაა საჭირო.
FT-ს მიხედვით, ფედოროვსა და სირსკის ფუნდამენტურად განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან ბრძოლა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფედოროვი ომის მომავალს დრონებსა და ავტომატიზაციაში ხედავს, ხოლო სირსკი ძირითადად ტრადიციულ მიდგომას ემხრობა.





