ინციდენტი კახეთში

ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას. ვწუხვარ, რომ ქალბატონმა დაზიანება მიიღო - ჭიღლაძე

გიორგი ჭიღლაძე

"ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას" - წერს 18 ივლისს, თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს.

"ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას.

მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია.

ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ, ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე." - წერს გიორგი ჭიღლაძე.


დღეს, გიორგი ჭიღლაძეს ბრალდება წარუდგინეს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, მისთვის 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

18 ივლისს თელავში მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება 19 ივლისს გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

ჭიღლაძე დააკავეს და გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება არ აკონკრეტებს ტურისტების ეროვნებას, თუმცა არსებული ცნობით, ისინი რუსები არიან.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ადვოკატმაც გაავრცელა. მისი განცხადებით, ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და ქალს იდაყვი მოარტა სახის არეში, რის შედეგადაც იგი დაეცა.

ადვოკატი ასევე წერს, რომ "ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული"

19 ივლისს, ამ ფაქტთან დაკავშირებით თელავის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი

როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, მრელაშვილმა "გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა."

შსს-ს ცნობით მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. 

როგორც ტაბულას ინციდენტში მონაწილე ტურისტების ადვოკატმა უთხრა, მათ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, ორი დღით საქართველოს დატოვება არ შეეძლებათ.

ადვოკატის თქმით, მომხდარში მონაწილე პირები "არიან უკრაინელები რუსეთის მოქალაქეობით, ხოლო დაზარალებული თურქეთის მოქალაქეა." აფციაური ასევე აცხადებს, რომ მათი მხრიდან პროვოკაციულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა სასტუმრო აგარანის მამულმა, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. მათი ინფორმაციით, "დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი", ხოლო სასტუმროს ადმინისტრაციამ "ინციდენტის ასაცილებლად არსებული შესაძლებლობები გამოიყენა."

კომენტარები