აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 5 თანამშრომელი: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს.
მედიაჩეკერის ცნობით, ამ ადამიანებმა დღეს, 2 ივნისს, ელექტრონული შეტყობინებები მიიღეს იმის შესახებ, რომ "რეორგანიზაციის ფარგლებში" შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ.
ერთ-ერთი გათავისუფლებული ჟურნალისტი, ირინა ყურუა მის გაშვებას საკუთარ გადაცემაში ქართული ოცნების მიმართ გაჟღერებულ კრიტიკულ პოზიციებს უკავშირებს.
"ზუსტად ვიცოდი, რომ კონკრეტულად ჩემს გადაცემასთან მიმართებაში ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რადგან ამ ტელევიზიაში ეს იყო იშვიათად შემორჩენილი სივრცე, სადაც განსხვავებული აზრი და კრიტიკული მოსაზრებები ისმოდა [...]
ეს იმ ტალღის გაგრძელებაა, რაც აჭარის ტელევიზიამ გადაიტანა, როცა კრიტიკულად მოაზროვნე, კრიტიკული კითხვების ავტორ ჟურნალისტებს ეტაპობრივად უზღუდავდნენ სამუშაო სივრცეებს და დასჯის მიზნით, აქვეითებდნენ, ან საერთოდ უშვებდნენ". - თქვა ყურუამ ფორმულასთან საუბარში.
კიდევ ერთი გათავისუფლებული, მაია მერკვილაძეც ბათუმელებთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი აზრით, სამსახურიდან გაშვება ივანიშვილის მთავრობის მიმართ მის კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირდება.




