ქვემო ფონიჭალაში, სროლის შედეგად 3 პირის დაჭრასთან დაკავშირებით, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა - შსს-ს ცნობით, ერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას ედავებიან, ორს კი დანაშაულის დაფარვას.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 3 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში მოათავსეს.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო ბრალდებულის 2 მეგობარი - თუმცა, ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფარა". - წერია შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.
1-ელ ივნისს, ქვემო ფონიჭალაში, სროლის შედეგად, 3 პირი დაიჭრა.




