30 მაისს უკრაინამ გერმანიისგან IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2 300 მოიერიშე დრონი, თითქმის 1 560 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 108 რაკეტა გამოიყენა. მისი თქმით, ყველა ეს დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საცხოვრებელ შენობებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე, იყო მიმართული.
"ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსული ტერორისგან დაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ. გუშინ ახალი IRIS-T-ს გამშვები დანადგარი მივიღეთ. მადლობას ვუხდით გერმანიას ხალხის დაცვის საქმეში მუდმივი წვლილისთვის, ასეთი ძლიერი მხარდაჭერის წყალობით ათასობით და ათიათასობით სიცოცხლეა გადარჩენილი" - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტები სჭირდება, რათა რუსეთის თავდასხმების მოგერიების საკმარისი შესაძლებლობები შეინარჩუნოს.




