აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Bloomberg: ირანმა ქუვეითში აშშ-ს ბაზაზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემა

Bloomberg-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ირანმა ქუვეითში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა და ორი MQ-9 Reaper ტიპის დრონი მძიმედ დაზიანდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს იმ დროს მოხდა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებისთვის შეთანხმების დადების შესაძლებლობას განიხილავს.

თავდასხმის დეტალების მცოდნე წყაროს ინფორმაციით, ქუვეითის საჰაერო თავდაცვამ ირანული Fateh-110 ტიპის რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა ჩამოვარდნილი ნამსხვრევები Ali Al Salem-ის საჰაერო ბაზას დაეცა.

წყაროს თქმით, დაახლოებით ხუთმა ადამიანმა, მათ შორის კონტრაქტორებმა და მოქმედმა სამხედრო მოსამსახურეებმა, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ერთი Reaper დრონი სრულად განადგურდა, ხოლო სულ მცირე კიდევ ერთი სერიოზულად დაზიანდა. თითოეული ასეთი დრონის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ს ცენტრალურ სარდლობას (CENTCOM) კომენტარის მოთხოვნაზე ჯერჯერობით არ უპასუხია.

Bloomberg აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აპრილიდან მოქმედებს, ამ პერიოდის განმავლობაში ორივე მხარე თავდასხმებს მაინც ახორციელებდნენ.

ტრამპმა პარასკევს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად იყო წინასწარი შეთანხმების შესახებ "საბოლოო გადაწყვეტილება" მიეღო. თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენელი Bloomberg-ს უყვება, რომ პარასკევს სიტუაციურ ოთახში გამართული დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა პრეზიდენტის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

კომენტარები