საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

ამ რეჟიმის პირობებში აშშ-სთან დალაგება შეუძლებელია - ჩერგოლეიშვილი

პარტია ფედერალისტების ლიდერები, თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებიან. ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ამერიკის ხელისუფლების ნაცვლად ვერ ილაპარაკებს, მაგრამ მათი შთაბეჭდილებით, ქართულ ოცნებას და აშშ-ს შორის "დალაგება შეუძლებელია." 

თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ქართული ოცნება ყველანაირი გზით ცდილობს ვითარების ნორმალიზებას, რაც ივანიშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება.

"აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა სტრატეგიული ურთიერთობა აღდგეს, ქართველმა ხალხმა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს, ნატოში გავწევრიანდეთ, უვიზო მიმოსვლა მივიღოთ შეერთებულ შტატებთან ან თავისუფალი ვაჭრობა, არა, უბრალოდ, უნდა, რომ რაღაცა ვიტრინის სცენა შექმნას, რომ აი, ნორმალიზდა...

... ამდენი ხანი ის ახერხებდა სტრატეგიული ბუნდოვანების შენარჩუნებას, რომ გაჭრილად პრორუსული ძალა კი არ არის, არამედ რაღაც ბალანსის პოლიტიკას აწვება იმისთვის, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და მშვიდობა შეინარჩუნოს. ამ გზით ახერხებდა მათ შორის თავისი პრადასავლური ამომრჩევლისთვის ალიბის შექმნას ან მათ დამშვიდებას, რომ სინამდვილეში ეს არის ბალანსის პოლიტიკა.

2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მოესპო ამის შესაძლებლობა და რეალურად, ის ახლა ბალანსის პოლიტიკაში კი არაა, სრულიად იზოლირებულია და რუსეთის, ირანის, ჩინეთის მოკავშირედ მიიჩნევა თავისუფალი სამყაროს მხრიდან" - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ფედერალისტების ლიდერის თქმით, აზერბაჯანი და ალიევი ქართულ ოცნებას "დალაგების" მაგალითად არ გამოადგება, რადგან მართალია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პერიოდში, დემოკრატიული დღის წესრიგი უკანაა გადაწეული და წინ ეკონომიკური ინტერესებია, მაგრამ ეკონომიკური ინტერესების განხორციელებას სჭირდება სტაბილურობა, ხოლო სტაბილურობას - უზრუნველყოფა.

"ბიძინა ივანიშვილს [არ აქვს] შესაძლებლობა იმის, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს ქვეყანაში, სადაც შიიტური ექსტრემიზმი ძლიერდება მისივე ხელშეწყობით, სადაც ჩინური გავლენა ძლიერდება, სადაც რუსული გავლენა ძლიერდება და სადაც თავისივე ოფიციალური მონაცემებით, ქართველი ამომრჩევლის ნახევარი მას არ აღიარებს" - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

მისი თქმით, აშშ-ს არ აინტერესებს სახელები და გვარები, შტატებში აინტერესებთ პოლიტიკა, - "თუ კურსს შეცვლის ბიძინა ივანიშვილი, რასაკვირველია, კურსს შეხედავენ და არა ივანიშვილის სახელს და გვარს, მაგრამ კურსის ცვლილების პირობებში ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს [...]

[...] მე ამერიკის ხელისუფლების ნაცვლად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ კურსის ცვლილების გარეშე, ჩვენი შთაბეჭდილებით დალაგება შეუძლებელია, ისეთი დალაგება, რომელიც ქართველ ერს უნდა და სჭირდება, უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ ამ რეჟიმის პირობებში საერთოდ შეუძლებელია. კურსის ცვლილების ფუფუნება ბიძინა ივანიშვილს არ აქვს, იქამდე, ვიდრე საზოგადოებას არ გატეხს და საზოგადოებას გატეხვის არაფერი ეტყობა და რომ არ გავტეხილვართ, ერთად უნდა ვაჩვენოთ, 26 მაისს" - თქვა ფედერალისტების ლიდერმა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ვიზიტის თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამჯერად მთავარი საკითხია ირანის ინფილტრაცია საქართველოში.

"რესპუბლიკელების ღონისძიებაზეც ვიყავით დაპატიჟებულები, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელებს აჯილდოვებდნენ. ჰადსონის ინსტიტუტში გაიმართება ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის ანგარიშის მოსმენა, ეს ანგარიში საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ, ეხება ირანის ინფილტრაციას საქართველოში, ეს ჩვენთვის უდიდესი საფრთხეა შიიტური რადიკალიზმის ინფილტრაცია იმიტომ, რომ ეს ისიც კი არ არის, რომ ვერტიკალს ელაპარაკები და ვერტიკალს უგვარებ, ეს ნიშნავს სრულ ქაოსს ქვეყანაში და სრულ უკონტროლობას, როდის რა აგიფეთქდება რომ არ იცი, ეს არის ძალიან საშიში ჩვენი ქვეყნისთვის, ამავდროულად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ და უშიშროების ინტერესებს [...]

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში გაძლიერებულია შიდა ექსტრემისტული განწყობები, არ გჭირდებათ ჩემი შეხსენება, ჩვენი თვალით ვნახეთ თბილისის ქუჩებში შეკრებილი საქართველოს მოქალაქეები, ქვეყნის ისტორიაში პირველად, რომლებიც თბილისის ცენტრში, დღისით ყვიროდნენ, რომ აიათოლა ხამენეის ბრძანებების შესასრულებლად მზად არიან, მე თვითონ მქონდა გაზიარებული ვიდეო, სადაც ფაქტობრივად რეკრუტირება ხდება არასრულწლოვნების, ვთქვათ, რევოლუციური გვარდიისთვის იქნება ეს თუ, ხამენეის წმინდა ბრძანებების შესრულებისთვის.

ჩვენ ვხედავთ აქციებს ქვემო ქართლში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით, რომლებსაც მასრალას, ხამენეის, სოლეიმანის მაისურები აცვიათ და მათი ბანერები უჭირავთ, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომ შევეხო თვითონ დემოგრაფიას, სადღაც 12% მუსლიმი ქართველი გვყავს ქვეყანაში, აქედან დაახლოებით ნახევარი არის სუნიტური, ქართული წარმოშობის მუსლიმები ძირითადად, ხოლო აზერბაიჯანული წარმოშობის მუსლიმების დიდი ნაწილი არის შიიტი და არასოდეს ამ თემში ირანული ინფილტრაციის პრობლემა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. ეს არის რამდენიმე წლის მოვლენა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქართული ოცნების პოლიტიკას და ჩვენი ანგარიშიც და ჩვენი შეხვედრებიც შეეხებოდა ამას.

შეხვედრები გვქონდა კონგრესში, შეხვედრები გვქონდა სენატში, შეხვედრები მათთან, ვინც გავლენას ახდენს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე, ეს შეხვედრები გრძელდება, სახელმწიფო დეპარტამენტშიც გვექნება შეხვედრა." - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

კომენტარები