ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ეხმაურება და შიო III-ს წარმატებებს უსურვებს.
საელჩო წერს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პატრიარქის არჩევა ისტორიული მოვლენაა და იმედს გამოთქვამს, რომ გაგრძელდება საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის " საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის" თანამშრომლობა.
"ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან–მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან–ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას" - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში.
11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
შიო III 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოსაყდრე.





