აშშ-ირანის მოლაპარაკებები

IRNA: ირანმა აშშ-ს სამშვიდობო წინადადებას პასუხი გასცა

Reuters

ირანის სამთავრობო მედიის, IRNA-ს მიხედვით, ირანმა აშშ-ს სამშვიდობო წინადადებაზე პასუხი ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების შუამავალს, პაკისტანს გადასცა

IRNA თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებების ამჟამინდელი ფაზა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე არის ფოკუსირებული.

გამოცემა Reuters-თან საუბრისას ირანელმა და ამერიკელმა წყაროებმა თქვეს, რომ ბოლოდროინდელი ძალისხმევა ომის შესაჩერებლად და ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის დასაშვებად დროებითი მემორანდუმის გაფორმებას ისახავს მიზნად, ხოლო მოლაპარაკებები უფრო ვრცელ შეთანხმებაზე, რომელიც ბირთვულ საკითხსაც მოიცავს, ამ მემორანდუმის პარალელურად წარიმართება. 

პარალელურად, 9 მაისს მაიამიში კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრისას აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მედიაციის პროგრესი განიხილა

აქამდე, 6 მაისს Axios-მა დაწერა, რომ მაღალჩინოსნების თქმით, აშშ შემდეგ 48 საათში ელოდებოდა ირანის პასუხებს რამდენიმე საკვანძო საკითხზე. მათი თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმებებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა ომის დაწყებიდან შეთანხმების მიღწევასთან ყველაზე ახლოს ახლა არიან.

გამოცემის ინფორმაციით, სხვა დებულებებთან ერთად, შეთანხმება გულისხმობს ირანის მიერ ბირთვულ გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესებას, აშშ-ს მიერ სანქციების მოხსნას და ირანის გაყინული მილიარდობით დოლარის გათავისუფლებას, ასევე ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტზე შეზღუდვების მოხსნას.

გამოცემამ დაწერა, რომ მემორანდუმში ჩამოყალიბებული მრავალი პირობა დამოკიდებული იქნებოდა საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე, რაც ომის განახლების ან გახანგრძლივებული "ლიმბოს" შესაძლებლობას ტოვებს, რომელშიც ომის ცხელი ფაზა შეწყდებოდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი მოგვარდებოდა.

მოგვიანებით, 7 მაისს, გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-მ ირანის საპორტო ქალაქებზე იერიშები მიიტანა, რის შემდეგაც აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-მ ირანის "არაპროვოცირებული თავდასხმები" მოიგერია და საპასუხო "თავდაცვითი იერიშები" მიიტანა. თავის მხრივ, ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა აშშ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა

კომენტარები