პატრიარქის არჩევნები

სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა

თბილისის სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა. ეს ინფორმაცია TV პირველს სასულიერო აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

"კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ, მოწოდებულ მასალებზე, საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მეუფე იობს განათლება დაუდასტურდა". - თქვა ლაშხმა.

5 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიაში კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი განცხადებით, "2 თვის წინ იდო, ნახა დიპლომი" რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო  წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა.

მისივე განცხადებით, სასულიერო აკადემიას მიმართეს, რომ მეუფე იობის განათლება დაედასტურებინათ.

"მივმართეთ მცხეთის სემინარიის სამართალდამემკვიდრეს, დღევანდელ სემინარიას, რომლის რექტორიც ბრძანდება ღრმად პატივცემული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იკრიბება კომისია და ეს მტკიცებულებები მათ მაგიდაზეა. ასევე, არქივებშიც იქნა სხვა დამამოწმებელი საბუთები და არ უნდა იყოს პრობლემა დიპლომის გაცემის, რადგან ასევე არსებობს პატრიარქის ბრძანება N134, რომელიც გულისხმობს, რომ 2005 წლამდე ვინც მიიღო განათლება, კვალიფიკაცია და ვერ ახერხებს, დაადასტუროს დიპლომით, ან დაკარგულია, ან გაურკვეველ ვითარებაშია, ასეთ პირებს დაევალათ, კომისიამ იმსჯელოს და მოხდეს ამის აღიარება" - თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 4 მაისს. 

ასევე, ჯამდელიანის თქმით, მათ სინოდის 28 აპრილის სხდომაზე, სადაც 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს, წარადგინეს სემინარიის მაშინდელი რექტორის, მიტროპოლიტი ზოსიმეს გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ 1988 წელს მღვდელმონაზონ იობ აქიაშვილზე გაცემული იქნა დიპლომი. მეუფე გიორგიმ TV პირველის ეთერში აჩვენა სასულიერო სემინარიის სტუდენტის მაშინდელი ბილეთიც, რომელსაც ასევე რექტორი, ეპისკოპისი ზოსიმე აწერს ხელს.

კომენტარები