რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინულმა დრონებმა ჩებოქსარიზე იერიში მიიტანეს, მედიის ცნობით, დაარტყეს სამხედრო საწარმოს

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

5 მაისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში მდებარე ქალაქ ჩებოქსარიზე იერიში მიიტანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი.

რუსული ტელეგრამ არხები, Осторожно, новости და BAZA წერენ, რომ იერიშების შედეგად დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი. ტელეგრამ არხი Astra-ს ანალიზის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტით მიიტანეს იერიში თავდაცვის საწარმო "პროგრესზე", რომელიც ქალაქ ჩებოქსარიში მდებარეობს. დაზიანებული სავაჭრო ცენტრი ამ საწარმოს მახლობლად მდებარეობს. უკრაინული ტელეგრამ არხი Exilenova+ წერს, რომ დრონებმა იერიში მიიტანეს სამხედრო საწარმო "პროგრესზე", სადაც უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტებისთვის სანავიგაციო მოდულები მზადდება. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაზიანებულია ჩებოქსარის ელექტრომექანიკური კოლეჯის შენობაც, რომელიც სამხედრო საწარმოს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა განმეორებითი იერიშები მიიტანეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება დრონი კორპუსს. Astra წერს, რომ ეს შენობა საწარმო "პროგრესიდან" 350 მეტრითაა დაშორებული.

საჰაერო განგაში ამოქმედდა ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგშიც, რაც, გუბერნატორი რუსლან კუხაკურის თქმით, პირველი მსგავსი შემთხვევაა. ეს რეგიონი უკრაინის საზღვრიდან 2000 კმ.-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული. 

სარაკეტო საფრთხის სიგნალი 5 მაისის ღამეს რუსეთის 18 რეგიონში ამოქმედდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ღამის განმავლობაში 289 უკრაინული დრონი მოიგერიეს, როგორც რუსეთის რეგიონებში, ისე ოკუპირებულ ყირიმზე. 

უკრაინულმა დრონებმა წარსულში ჩებოქსარიზე იერიში ერთხელ მიიტანეს. 2025 წლის ნოემბერში იერიშის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მაშინ ტელეგრამ არხები წერდნენ, რომ დრონებმა დააზიანეს საწარმო "პროგრესიც".

კომენტარები