აშშ-ირანის დაპირისპირება

ირანის სამთავრობო მედია ირწმუნება, რომ ირანმა ჰორმუზში აშშ-ს ხომალდს ორი რაკეტით დაარტყა

REUTERS/Benoit Tessier

ირანის სამთავრობო მედია Fars ირწმუნება, რომ ირანის გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ ამერიკული სამხედრო ხომალდი ჰორმუზის სრუტეში არ გაატარეს და მას შემდეგ, რაც ის ჯასკის კუნძულს მიუახლოვდა, ორი რაკეტა დაარტყეს.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ ჰორმუზის სრუტეში "ჩარჩენილ" კომერციულ გემებს სრუტიდან გამოსვლაში დაეხმარება.

"მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებმა, რომელთაგანაც თითქმის არცერთი არ არის კავშირში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან, აშშ-ს სთხოვა, შეგვიძლია თუ არა მათი გემების დახსნის მხრივ დახმარება, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში არიან ჩარჩენილები." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გაუწევს აშშ დახმარებას.

ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, თეირანმა სერიოზულად შეზღუდა ჰორმუზის სრუტის მეშვეობით კომერციული მიმოსვლა, მოგვიანებით კი აშშ-მ ირანულ პორტებზე საზღვაო ბლოკადა შემოიღო.

მისივე თქმით, ეს ქვეყნები "მხოლოდ ნეიტრალური და უდანაშაულო მაყურებლები არიან". 

"ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ს სასიკეთოდ ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ მათ გემებს შეზღუდული წყლებიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანთ, რათა მათ თავისუფლად და უნარიანად გააგრძელონ თავიანთი ბიზნესის კეთება." – აღნიშნა ტრამპმა. 

"თუკი, რაიმე გზით, ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, ამაზე, სამწუხაროდ, ძალისმიერი პასუხის გაცემა მოგვიწევს." – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ, გავლენიანმა ირანელმა მაღალჩინოსნებმა აშშ გააფრთხილეს, რომ სრუტეში აშშ-ს ჩარევის მცდელობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება. 

 

კომენტარები