აშშ-ირანის დაპირისპირება

ტრამპის თქმით, აშშ კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტიდან გამოსვლაში დაეხმარება

აშშ-ს AH-64 Apache-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებენ, 17 აპრილი, 2026
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) / X

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ ჰორმუზის სრუტეში "ჩარჩენილ" კომერციულ გემებს სრუტიდან გამოსვლაში დაეხმარება.

"მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებმა, რომელთაგანაც თითქმის არცერთი არ არის კავშირში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან, აშშ-ს სთხოვა, შეგვიძლია თუ არა მათი გემების დახსნის მხრივ დახმარება, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში არიან ჩარჩენილები." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გაუწევს აშშ დახმარებას.

ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, თეირანმა სერიოზულად შეზღუდა ჰორმუზის სრუტის მეშვეობით კომერციული მიმოსვლა, მოგვიანებით კი აშშ-მ ირანულ პორტებზე საზღვაო ბლოკადა შემოიღო.

მისივე თქმით, ეს ქვეყნები "მხოლოდ ნეიტრალური და უდანაშაულო მაყურებლები არიან". 

"ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ს სასიკეთოდ ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ მათ გემებს შეზღუდული წყლებიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანთ, რათა მათ თავისუფლად და უნარიანად გააგრძელონ თავიანთი ბიზნესის კეთება." – აღნიშნა ტრამპმა. 

"თუკი, რაიმე გზით, ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, ამაზე, სამწუხაროდ, ძალისმიერი პასუხის გაცემა მოგვიწევს." – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ, გავლენიანმა ირანელმა მაღალჩინოსნებმა აშშ გააფრთხილეს, რომ სრუტეში აშშ-ს ჩარევის მცდელობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება. 

კომენტარები