24 აპრილს სოვლაბმა წიგნის ბაზრობაზე ახალი პუბლიკაცია წარადგინა სახელწოდებით - აფხაზეთი 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია. წიგნი ესქპოჯორჯიას მე-11 პავილიონში 26 აპრილის ჩათვლით გაიყიდება.
"საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არამედ აფხაზეთში ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუციური წესრიგიც გაანადგურა. შეწყდა თავისუფალი არჩევნები, გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოები, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემა. პოლიტიკური პლურალიზმი შეიცვალა ერთპარტიული ტოტალიტარული მმართველობით. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო ცენტრალიზებულ კონტროლს დაექვემდებარა.
საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და პროპაგანდის ათწლეულების შედეგად, და, ასევე, ეთნონაციონალიზმის აღმავლობის გამო, აფხაზეთში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე განვითარებული პროცესები დავიწყებას მიეცა. აფხაზეთის ისტორიის გაგება სრულიად ეთნიკურ პარადიგმაში "ჩაიკეტა,“ სადაც აფხაზეთის „ფლობის“ ლეგიტიმაციის გადამწყვეტ წყაროებად "უძველესი ყოფის“ ამა თუ იმ მტკიცებულების, ტოპონიმიკის თუ ადგილობრივი თემების ეთნოგენეზის საკითხები განიხილებოდა.
სოვლაბის ახალი გამოცემა - აფხაზეთი 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია ამ პარადიგმის გადახედვის დაწყებას ისახავს მიზნად. წიგნი, მდიდარ საარქივო და პრესის წყაროებზე , მათ შორის პირველად გამოყენებულ აფხაზურენოვან გაზეთ „აფსნის“ მასალებზე დაყრდნობით, ცდილობს 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვიდრე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე აფხაზეთში განვითარებული ტრანსფორმაციული პროცესების რეკონსტრუქციას. მათ შორისაა მოდერნული დემოკრატიული, კონკურენტული პოლიტიკისა თუ დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის საკვანძო გამოცდილებები, რომელიც აფხაზეთის მულტიეთნიკურ და მულტიკულტურულ საზოგადოებაში განსაკუთრებით საინტერესოდ განვითარდა" - აცხადებს სოვლაბი.
სოვლაბი
აფხაზეთი 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია – სოვლაბმა ახალი წიგნი წარადგინა





