ტრამპი-NATO

Reuters: პენტაგონის წერილში ესპანეთისთვის NATO-ში გარკვეული უფლებების შეზღუდვა განიხილეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Chip Somodevilla | Getty Images

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონის ერთ-ერთი ელფოსტის ტექსტში განხილულია NATO-ს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს "დასჯა," მათ შორის, ალიანსის ფარგლებში ესპანეთისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დროებითი შეზღუდვაც, იმ ფონზე, როცა თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ აშშ-ს არასაკმარისი მხარდაჭერა გაუწია.

ამავდროულად, გამოცემის მიხედვით, მათ მიერ ნანახ დოკუმენტში არ არის საუბარი აშშ-ს მხრიდან NATO-ს დატოვებაზე ან ევროპაში ამერიკული ბაზების დახურვაზე.

ელფოსტის ტექსტში წერია, რომ ალიანსში ესპანეთისთვის უფლებების შეზღუდვის ვარიანტს აშშ-ს სამხედრო ოპერაციებზე შეზღუდული გავლენა ექნება, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვის მქონე ნაბიჯი. თუმცა, Reuters-თან საუბრისას ამერიკელ მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ არის შესაძლებელი ალიანსში ესპანეთისთვის უფლებების შეზღუდვის პროცესის დაწყება.

წყაროების თქმით, წერილში გამოხატულია უკმაყოფილება იმის გამო, რომ ირანის ომის დროს რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ აშშ-ს თავიანთი სამხედრო ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.

ამასთან, დოკუმენტში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება NATO-ს მნიშვნელოვანი პოზიციებიდან პრობლემური ქვეყნების ჩამოშორებაც.

Reuters-ის ცნობით, განიხილება სხვა ნაბიჯებიც, მათ შორის, ფოლკლენდის კუნძულების საკითხში გაერთიანებული სამეფოსთვის აშშ-ს დიპლომატიური მხარდაჭერის გადახედვაც.

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტმა ირანთან ომში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო NATO გააკრიტიკა და ალიანსიდან გასვლით არაერთხელ დაიმუქრა. 

"NATO იქ არ იყო, როცა ჩვენ ის გვჭირდებოდა, და არც მაშინ იქნება, თუ ის კვლავ დაგვჭირდება". – წერდა ტრამპი ერთ-ერთი პოსტში.

კომენტარები