ტრამპი-NATO

NATO-ს ქვეყნები 2025-ისთვის თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3%-მდე გაზრდას განიხილავენ – FT

Omar Marques/Getty Images

Financial Times-ის ინფორმაციით, NATO-ს წევრი სახელმწიფოები გეგმავენ, 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდა განიხილონ. ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, უკავშირდება დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადას და მისი წარსული მოთხოვნების განახლებას, რომლებიც ევროპული ქვეყნების მხრიდან თავდაცვაზე გაწეული ხარჯების გაზრდას ეხებოდა.

შვიდი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, ესპანეთი და იტალია, ამ დრომდე ვერ ასრულებს 2014 წელს აღებულ ვალდებულებას, რომელიც, სულ მცირე,  მშპ-ის 2%-ის თავდაცვის ხარჯებზე გამოყოფას ითვალისწინებდა. ესპანეთი თავდაცვაზე მშპ-ის მხოლოდ 1.28%- ხარჯავს, რაც ალიანსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო იტალიის ხარჯი 1.49%- შეადგენს.

2018 წლის მონაცემებით, მშპ-ს 2%-ს თავდაცვის სფეროში მხოლოდ 6 წევრი სახელმწიფო  ხარჯავდა, ალიანსის გამოთვლების მიხედვით, NATO-ს 32 წევრიდან 23 წელს უკვე მიაღწევს არსებულ 2%-იან მიზანს.

თავდაცვის ხარჯების ზრდაზე კონფიდენციალური მოლაპარაკებები NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე დაიწყო. მოლაპარაკებების მიზანია 2025 წლისთვის ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ის 2.5%, ხოლო 2030 წლისთვის 3% დახარჯონ. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Financial Times-თან აღნიშნა, რომ ახალი ზღვარი "არსებულზე ბევრად უფრო მაღალი" უნდა იყოს.

გერმანია, რომელიც წელს პირველად მიაღწევს მშპ-ის 2%-ის ზღვარს, მზადაა, მხარი დაუჭიროს ახალი სტანდარტების დაწესებას. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ "რუსეთი 2029 წლისთვის კვლავ დარჩება პოტენციურ საფრთხედ" და ხარჯების ზრდა აუცილებელი იქნება სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. გამოცემა გერმანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ NATO-ს მომავალი სამიტი ჰააგაში ამ საუბრებისთვის იდეალური მომენტი იქნება.

აშშ, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ის დაახლოებით 3.4%- ხარჯავს, კვლავ რჩება NATO-ს ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად ხარჯების მოცულობის კუთხით, თუმცა, მშპ-ს წილის მიხედვით ალიანსის წევრებს შორის პოლონეთისა და ესტონეთის შემდეგ, ის მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. პოლონეთი მშპ-ს 4.12%-ს ხოლო ესტონეთი 3.43%-ს უთმობს საკუთარ თავდაცვას.

ოფიციალური პირების აზრით, ევროპული ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდა პოზიტიურ სიგნალად აღიქმება როგორც აშშ- ამჟამინდელი, ასევე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მხრიდან.

კომენტარები