ტრამპი-NATO

ტრამპმა რუტესთან შეხვედრის შემდეგ NATO ირანთან ომში არასათანადო დახმარების გამო გააკრიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურული შეხვედრის შემდეგ ალიანსი, ირანთან ომში აშშ-ს არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, კვლავ გააკრიტიკა.

"NATO იქ არ იყო, როცა ჩვენ ის გვჭირდებოდა, და არც მაშინ იქნება, თუ ის კვლავ დაგვჭირდება" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ამავე დროს, რუტემ CNN-თან საუბარში შეხვედრა "ძალიან გულწრფელად" და "ღიად" დაახასიათა, მიუხედავად აშკარა უთანხმოებებისა. თეთრმა სახლმა საუბრის დეტალები არ გაასაჯაროვა.

ბოლო კვირებში ტრამპი 32-წევრიანი ტრანსატლანტიკური ალიანსიდან გასვლით არაერთხელ დაიმუქრა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა CNN-ს ასევე უთხრა, რომ ტრამპთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ აშშ-ს "ევროპული ქვეყნების დიდი უმრავლესობა დახმარებას უწევდა ბაზირების, ლოგისტიკისა და გადაფრენების მიმართულებით".

"ამრიგად, საკმაოდ მრავალფეროვანია" - განაცხადა რუტემ

კითხვაზე, არის თუ არა მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხო, ვიდრე ომამდე იყო, რუტემ შემდეგნაირად უპასუხა - "აბსოლუტურად".

მან ასევე დაამატა, რომ NATO-ს წევრები ირანში მიმდინარე ომს საერთაშორისო სამართლის დარღვევად არ მიიჩნევენ და უმეტესობა თანხმდება, რომ ირანის ბირთვული შესაძლებლობების შესუსტება მნიშვნელოვანი იყო.

ცნობისთვის, გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას NATO-ს იმ წევრი სახელმწიფოების დასასჯელად, რომლებიც, ტრამპის აზრით, ირანის ომის დროს აშშ-სა და ისრაელს არ დაეხმარნენ.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა WSJ-ს განუცხადეს, რომ გეგმის ფარგლებში თეთრი სახლი ამერიკელი სამხედროების გამოყვანას აპირებს NATO-ს იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში უსარგებლონი იყვნენ, რის შემდეგაც აშშ სამხედროებს იმ ქვეყნებში განალაგებს, რომლებიც უფრო მეტად უჭერდნენ მხარს აშშ-ს სამხედრო კამპანიას თეირანის წინააღმდეგ.

კომენტარები