გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება, ვაშინგტონი კი დარწმუნებულია, რომ ასეთი სამხედრო ზეწოლის ქვეშ, ირანი დანებდება. გამოცემის ცნობით, მათ ეს ინფორმაცია აშშ-სა და ირანს შორის ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის წარმომადგენელმა მიაწოდა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, პენტაგონი სამხედრო ვარიანტებს განიხილავს ირანისთვის "საბოლოო დარტყმის" მისაყენებლად, რაც შესაძლოა, სახმელეთო ძალების გამოყენებასა და დაბომბვის მასობრივ კამპანიას მოიცავდეს. ამის შესახებ გამოცემა აშშ-ს ორ მაღალჩინოსანსა და ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიას უკვე მომზადებული აქვს ირანის სიღრმეში სახმელეთო ოპერაციის გეგმები, რომლის მიზანიც ბირთვულ ობიექტებში დამარხული გამდიდრებული ურანის ხელში ჩაგდება და ირანიდან გამოტანაა.
თუმცა, მსგავსი სარისკო ოპერაციის ჩატარების ნაცვლად, აშშ-მ შესაძლოა, მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანოს ბირთვულ ობიექტებზე, რათა ირანმა ვეღარასდროს აღიდგინოს გამდიდრებულ ურანზე წვდომა.





