ავტოიმპორტიორთა ასოციაცია 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟებაზე გაზრდილ ტარიფს ეხმაურება.
ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ, მედიაცენტრ მთავარში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადების თანახმად, კონსულტაცია ჰქონდათ გავლილი დარგის სპეციალისტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, მსგავსი კომუნიკაცია არ შემდგარა.
"დარგთან და სპეციალისტებთან ეს კავშირი და კომუნიკაცია არ შემდგარა ასეთი, რომ მაგიდასთან დავმსხდარიყავით, მოლაპარაკება გვქონოდა, ჩვენი არგუმნეტები დაგვეცვა, გვეთქვა ჩვენი არგუმენტები და იქიდან საპასუხი რეაქციას დავლოდებოდით, მსგავსი არაფერი არ იყო.
მაგრამ პირადი კომუნიკაცია მოთხოვნა იმის, რომ ჩვენ სურვილი გვაქვს თქვენთან შეხვედრის, ოფიციალური წერილი, პირადი გასაუბრება იყო, მაგრამ იმედია ეს არ ითვლება იმაში, რომ ჩვენთან კონსულტაცია გაიარეს, ასეთი რამ არ ყოფილა." - თქვა მან.
ნონიაძემ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დადებითია ის, რომ იურიდიული კუთხით აღარ იკრძალება რეგისტრაცია და "ახლა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში აღარ მოდის", მაგრამ ახლა უკვე ფინანსურად იზღუდებიან ადამიანები, რომელთაც შეძენის საშუალება არ აქვთ.
"1 სანტიმეტრ კუბზე არის გათვალისწინებული 4.50 ლარი და ამავდროულად, შეიძლება საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ 6 წელზე ზემოთ ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადიც იზრდება. თუ იყო 80 თეთრი იგივე 6 წლის ავტომობილზე, ხდება 1.50 ლარი.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 95%-ს, „საქსტატის“ მონაცემებით, არ აქვს საშუალება 6 წელზე და 5 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილის შეძენის. შესაბამისად, ეს დადგენილება რომ შემოვა, მაქსიმუმ ჩავთვალოთ, საუკეთესო შემთხვევაში, რომ 5%-მა კიდევ შეძლოს ამ ავტომობილის შეძენა, სხვა შემთხვევაში 90%-ისთვის ეს ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია.
თუ ჩვენ 2016 წელს (მანქანა) ისე გავაძვირეთ განბაჟების გადასახადი, რომ დაუჯდება 2022-2023 წლის ავტომობილის ფასი, მაშინ რა ლოგიკაა ამაში? რატომ უნდა იყიდოს ადამიანმა, ვთქვათ, 2016-იანი ან 2015 წლის ავტომობილი, როდესაც შეუძლია უფრო ახალი შეიძინოს? სწორედ მაგაშია საკითხი - მომხმარებელს არ აქვს ამის ფუფუნება, რომ ასე ძვირი გადაიხადოს." - განაცხადა ნონიაძემ.
ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ რეგულაციების გაუქმებას კი არ ითხოვენ, არამედ სამართლიან, ეკონომიკურად დასაბუთებულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებას.
ავტოიმორტიორთა ასოციაცია ალტერნატიული მოთხოვნით გამოდის:
- გადაიხედოს 6-წლიანი ასაკობრივი ზღვარი და გაიზარდოს 10 წლამდე;
- 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი. განისაზღვროს 1.50 ლარით ძრავის კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 4.50 ლარით;
- შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ არგუმენტირებული დიალოგის წარმოების შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ავტოიმპორტიორთა სფეროს წარმომადგენელმა, ელგუჯა ჯამაგიძემ, მისი თქმით, ეკოლოგია და საცობები მარტო ამ რეგულაციების საჭიროებით გამოწვეული არ არის.
"რისთვისაც მიიღეს ეს რეგულაციები - ეს არ გამოიწვევს ეკოლოგიის გაჯანსაღებას. საჭიროა, რომ ამ დარგსაც მიეცეს სუნთქვის საშუალება. აი, ეს რეგულაციები არა მარტო მოქალაქეებს დააწვება ზურგზე, ძალიან დიდი შემოსავალია სახელმწიფოსთვის. ერთ-ერთ მეორე ადგილზე იყო ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოდან შემოსავლებით სახელმწიფო ბიუჯეტში. დღესდღეობით ეს, თუ ასე გავთვლით, სადღაც ათეულობით მილიარდამდე სხვაობას მოგვცემს და არ აქვს ამ სახელმწიფოს დასაკარგი ფული, რომელიც აღმშენებლობისთვის საჭიროა." - განაცხადა ჯამაგიძემ.
12 მარტს, ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას გააუქმებენ. თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით გაიზრდება განბაჟების ტარიფი და ის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება.
აქამდე, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო, შემდეგ 10-30 თეთრით იზრდებოდა წლების მიხედვით, მაქსიმალურ 2.4 ლარამდე. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.





