აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, "მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით კი ისინი", რომელიც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის დაკეტვის მცდელობით ზარალდება, აშშ-სთან ერთად რეგიონში სამხედრო გემებს გაგზავნის და "მალე ჰორმუზის სრუტეს გახსნიან, უსაფრთხოსა და თავისუფალს გახდიან".
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ მათ ირანის სამხედრო შესაძლებლობები სრულად გაანადგურეს, თუმცა ირანისთვის მარტივია, რომ ჰორმუზის სრუტეში "ერთი-ორი დრონი გააგზავნოს" და "ახლო მანძილის რაკეტა ისროლოს".
ტრამპის თქმით, აშშ სანაპირო ხაზს დაბომბავს და რეგიონში ირანულ ხომალდებზე იერიშებს მიიტანს. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები რეგიონში გემებს გაგზავნიან.
"მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებზეც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის დაკეტვის მცდელობა მოქმედებს, აშშ-სთან ერთად სამხედრო გემებს გაგზავნის, რათა სრუტე ღია და უსაფრთხო დარჩეს. ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100% უკვე გავანადგურეთ, თუმცა მათთვის მარტივია, რომ ერთი-ორი დრონი გააგზავნონ, ნაღმი დადონ ან ახლო მანძილის რაკეტა ისროლონ წყლითსავალ გზაში ან მასთან ახლოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არიან დამარცხებულები. იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვები, რომლებზეც ეს ხელოვნური შეზღუდვა მოქმედებს, რეგიონში გემებს გაგზავნიან, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე ქვეყნის მხრიდან, რომელიც სრულად თავმოკვეთილია. პარალელურად, აშშ სანაპირო ხაზს ძლიერად დაბომბავს და ირანულ გემებსა და ხომალდებს უწყვეტი სროლით წყლებს მოაცილებს. ასე თუ ისე, მალე ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, უსაფრთხოსა და თავისუფალს გავხდით!" - წერს ტრამპი.
ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, რომელიც თებერვლის ბოლოს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟია, 12 მარტს აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო და განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გააგრძელებს. ეს მოჯთაბა ხამენეის მიერ პირველი საჯარო განცხადება იყო მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის უზენაეს ლიდერად აირჩიეს.
ცნობისთვის, Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, მშვიდობიანობის დროს ჰორმუზის სრუტის გავლით ყოველდღიურად საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.
ოთხშაბათიდან მოყოლებული სპარსეთის ყურეში ექვს გემზე თავდასხმა მოხდა. ირანის რეჟიმს ნათქვამი აქვს, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვას "არ დაუშვებს," ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) დაემუქრა ყველა გემს, რომელიც სრუტეში გაცურვას შეეცდებოდა.
10 მარტს CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რის შემდეგაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ თუკი ირანმა მართლაც დაიწყო სრუტის დანაღმვა, "დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ნაღმების მოშორება". წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი თეირანს "აქამდე არნახული დონის სამხედრო პასუხით" დაემუქრა.





