ეუთო/ოდირის ანგარიში

სამადაშვილი: მნიშვნელოვანი მექანიზმი მოვიპოვეთ, რომ რეჟიმმა პასუხი სამართლებრივად აგოს

ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. 

სამადაშვილის თქმით, ეს ანგარიში მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი სამართლებრივად აგოს. 

"მომავალში, როცა ისტორია შეაფასებს ყველა იმ გადამწყვეტ მომენტს, რომელმაც ქართველი ხალხი რეჟიმზე გამარჯვებას დააახლოვა, დარწმუნებული ვარ, 2026 წლის 12 მარტი შევა, როგორც გამარჯვების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. გამოქვეყნებულმა დასკვნამ დაადგინა, რომ მმართველი რეჟიმის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური უფლებების სისტემატური დარღვევა ხდება. დასკვნამ ასევე დაადგინა, რომ რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე სისტემატურად ძალადობს და ძალადობის ყველა ფაქტი გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება. 

ამ დასკვნამ ძალიან სერიოზული საფუძველი მოამზადა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მძლავრი და სამართლებრივი მექანიზმების ამუშავება დაიწყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, თუ ეს რეჟიმი უარს იტყვის იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ეუთო-მ გამოაქვეყნა. მინდა, რეჟიმის ყველა მსხვერპლს ვუთხრა, რომ 12 მარტს თქვენ, ჩვენ, ახალი, მნიშვნელოვანი მექანიზმი მოვიპოვეთ იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა ყველა დარღვევაზე პასუხი სამართლებრივად აგოს. ამ ანგარიშის შემდეგ, რეჟიმის ყველა მსხვერპლს შესაძლებლობა ეძლევა, რომ ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შესაბამისი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს [...] ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეუთო-ს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ყურადღებით გაეცნოს". - თქვა სამადაშვილმა ბრიფინგზე.

10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ავტორი პროფესორი პატრისია გჟებიკია. 

ცნობისთვის, ეუთოს 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი იანვრის ბოლოს აამოქმედა.

ანგარიშის მიხედვით, მომხსენებელმა 14-დღიანი მისიის დროს დაადგინა, რომ მანდატით განსაზღვრულ პერიოდში, ანუ 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნებოდა. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომხსენებელმა შეამჩნია "ძალადობისა და სხვაგვარად ძალის ბოროტად გამოყენების შემთხვევები დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ," ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, ძალადობამ, შეიძლება ითქვას, რომ "წამების ზღვარსაც მიაღწია," რასაც "თან ახლდა" ძალადობის ჩამდენთა "სრული დაუსჯელობა".

კომენტარები