ABC News-მა ნახა დოკუმენტი, რომელშიც ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტს აფრთხილებს, რომ ირანმა, შესაძლოა, ამერიკული იერიშების საპასუხოდ აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე დრონებით იერიში მიიტანოს.
"ცოტა ხნის წინ მიღებული ინფორმაციით, შესაძლოა, რომ 2026 წლის თებერვლის დასაწყისიდან ირანი უცნობი ხომალდიდან, რომელიც შეერთებული შტატების სანაპიროსთან მდებარეობდა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოულოდნელ თავდასხმას გეგმავდა - კონკრეტულად კალიფორნიაში არსებულ დაუზუსტებელ სამიზნეებზე, იმ შემთხვევისთვის თუ აშშ ირანზე იერიშებს მიიტანდა" - ნათქვამია თებერვლის ბოლოს გავრცელებულ FBI-ის გამაფრთხილებელ შეტყობინებაში.
"ამ შესაძლო თავდასხმის დროის, მეთოდის, სამიზნის ან შესაძლო დამნაშავეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს" - წერია შეტყობინებაში ABC News-ის მიხედვით.
ABC News წერს, რომ გაფრთხილება სწორედ იმ დროს გავრცელდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე შეტევა დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ FBI-ის ლოს-ანჯელესის ოფისის წარმომადგენელმა ABC News-სთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო თეთრ სახლს კომენტარისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია.
ABC News აღნიშნავს, რომ აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენლები ბოლო თვეებში ასევე შეშფოთებულნი არიან მექსიკური ნარკოკარტელების მიერ დრონების მზარდი გამოყენებით და იმ შესაძლებლობით, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა მექსიკის საზღვართან ახლოს მყოფ ამერიკელ პერსონალზე თავდასხმისთვის იქნას გამოყენებული.





