ირანის სამთავრობო მედიამ, ახალი ამბების სააგენტო Tasnim-მა, 9 მარტს გამოაქვეყნა ცნობა, რომელიც ეხებოდა მცდარ სპეკულაციას, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის იერიშების შედეგად, შესაძლოა, დაჭრილი ან მოკლულია. მანამდე ანალოგიური ჭორი თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-ისრაელის იერიშების წამოწყების შემდეგაც გავრცელდა.
სპარსულენოვანი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან არ ახლდა ნეთანიაჰუზე იერიშის მიტანის მტკიცებულება ან მისთვის ზიანის მიყენებაზე ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია.
ამის სანაცვლოდ, ირანული რეჟიმის მედიას თავმოყრილი ჰქონდა ირიბი, გარემოებითი ცნობები, მათ შორის, ბოლო პერიოდში ნეთანიაჰუს მხრიდან ვიდეო მიმართვების არ არსებობა, ებრაულენოვანმედიაში ცნობები ნეთანიაჰუს სახლის გარშემო უსაფრთხოების გაზრდის შესახებ, ისრაელში ტრამპის წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის, ვიზიტის გადადება, და განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელშიც მითითებული არ იყო ზარის გამართვის თარიღი.
Tasnim-ის ცნობა ასევე ეყრდნობოდა მეორად ინფორმაციას, რომელიც მიეწერებოდა პრორუს პროპაგანდისტს, ნასამართლევ დამნაშავესა და აშშ-ს დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, სკოტ რიტერს, რომელიც ვარაუდობდა, რომ ირანმა ნეთანიაჰუს თავშესაფარი დაბომბა, რასაც, რიტერის თქმით, ნეთანიაჰუს ძმა ემსხვერპლა. თავად Tasnim წერდა, რომ სპეკულაცია ოფიციალურად დადასტურებული ან უარყოფილი არ არის.
Jerusalem Post წერს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ძირს უთხრის Tasnim-ის მიერ გავრცელებული ჭორის წანამძღვრებებს. ისრაელური მედიის მიხედვით, ნეთანიაჰუმ 7 მარტს ოფიციალური მიმართვა გააკეთა, რომელიც პრემიერმინისტრის სამსახურმა გამოაქვეყნა, ხოლო ისრაელის მთავრობის ვებგვერდზე წერია, რომ ნეთანიაჰუმ 6 მარტს ბეერშევაში მოინახულა ის ადგილი, სადაც ირანმა იერიში მიიტანა.
ამასთანავე, დამოუკიდებელი მედია ბოლო დღეებში წერდა ნეთანიაჰუს საჯარო აქტივობების შესახებაც, მათ შორის, მაკრონთან სატელეფონო საუბრის გამართვაზეც, რომლის რასთან დაკავშირებითაც ფრანგულმა მხარემ განცხადება 5 მარტს გაავრცელა.





