NBC News-ის ინფორმაციით, იმ ღამით, როცა აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ იერიშები წამოიწყეს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციის მოწინავე მაღალჩინოსნებთან და პოლიტიკურ დონორებთან ერთად მარ-ა-ლაგოში შეხვედრაზე მემკვიდრეობის საკითხი დააყენა და დამსწრეებს ჰკითხა, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს უფრო დაუჭერენ მხარს 2028 წლისთვის: ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს თუ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს.
ტელემაუწყებლის მიერ გავრცელებული ცნობებით, შეხვედრას დაახლოებით 25 რესპუბლიკელი დონორი ესწრებოდა. NBC-ს მიხედვით, ტრამპმა მათ ჰკითხა, 2028 წელს პრეზიდენტის თანამდებობისთვის ვისი მხარდაჭერა უფრო ურჩევნიათ.
ორი წყაროს ცნობით, რომლებიც ღონისძიებას დაესწრნენ, სტუმრების უდიდესმა უმრავლესობამ ოვაციებით მიანიშნა, რომ მდივანი მარკო რუბიოს კანდიდატურას უფრო უჭერდნენ მხარს.
"თითქმის ერთხმად მარკოს დაუჭირეს მხარი," აღნიშნა ერთ-ერთმა დამსწრე პირმა, რომელსაც მეორე ანონიმური წყაროც დაეთანხმა. "ეს აშკარა იყო, ყოველ შემთხვევაში იმ ღამით." - დაამატა მეორე პირმა.
ხოლო მესამე წყარომ, რომელიც ასევე დარბაზში იმყოფებოდა, NBC News-ს განუცხადა, რომ დამსწრეების პასუხი უფრო "თანაბრად გაიყო" რუბიოსა და ვენსს შორის.
ამასთან, ტელემაუწყებელი წერს, რომ რუბიოს მშობლიურ შტატ ფლორიდაში რესპუბლიკელების მცირე ყრილობა არ ნიშნავს, რომ რუბიო აუცილებლად ახალი ფავორიტია 2028 წლისთვის.
"მარ-ა-ლაგოს დონორები ჯეი დის ხალხი არ არიან. ის [ვიცეპრეზიდენტად] მარ-ა-ლაგოს ხალხის გამო არ აურჩევიათ. თუ გაიხსენებთ, ეგ ხალხი პრეზიდენტთან მარკოს არჩევას ლობირებდა." - განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
"ვიტყოდი, რომ ასეთი რაღაცები ოდნავ გათამაშებულია. ხვალ რომ გამოკითხვა ჩატარებულიყო, ფსონს დავდებდი, რომ ჯეი დი კვლავ 40-ით არის პირველზე, ან რამდენიც არის რეალურად." - დაამატა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
ცნობისთვის, თვეების განმავლობაში 2028 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის მოწინავე კანდიდატად ჯეი დი ვენსი მიიჩნეოდა. გასულ კვირას NBC News-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ვენსის მიმართ პოზიტიურად რესპუბლიკელი ამომრჩევლების 77%-ია განწყობილი, რა მაჩვენებელიც რუბიოსთვის 66%-ია.





