გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის მასშტაბების ზრდის ფონზე, უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონების ექსპერტთა ჯგუფი და დრონსაწინააღმდეგო დრონები გაგზავნა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-მ უკრაინას თხოვნით ხუთშაბათს, 5 მარტს, მიმართა და უკრაინამ ექსპერტთა ჯგუფი მომდევნო დღესვე გაგზავნა.
"ჩვენი მხრიდან რეაგირება მყისიერი იყო," განუცხადა ზელენსკიმ NYT-ის რეპორტიორს, კიმ ბარკერს კიევისკენ მიმავალ მატარებელზე მგზავრობისას: "მე ვუთხარი, დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენს ექსპერტებს გამოგიგზავნით-მეთქი." - დაამატა მან.
ბარკერი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების წამოწყებით უკრაინას შესაძლებლობა მიეცა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით მიღებული გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში გამოიყენოს, რისთვისაც უკრაინამ აშშ-ს ძალებსა და რეგიოინში მათ მოკავშირე ქვეყნებს თავდაცვის მხრივ დახმარება შესთავაზა ისეთი სახის ირანული დრონების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი უკვე წლებია, რაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
პარალელურად, გასულ კვირას გამოცემა Washington Post-მა სადაზვერვო მონაცემებზე ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი ირანს დახმარებას უწევს და დასამიზნებელ მონაცემებს უზიარებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე იერიშებისთვის.
ამ ცნობების გავრცელების შემდეგ აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს". ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთს "შეუძლიათ, ირანს იმდენი ინფორმაცია მიაწოდონ, რამდენიც უნდათ, მაგრამ ის ხალხი, ვისაც ამას უგზავნიან ირანელები, უკვე დამარცხებულები არიან".
"რუსეთიც დამარცხებული იქნებოდა. ნებისმიერი დამარცხდებოდა. ჩვენ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა გვყავს." - დაამატა ტრამპმა.





