აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

თუ ჩვენგან თანხმობა არ ექნება, ახალი აიათოლა დიდხანს ვერ გასტანს – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ABC News-თან საუბრისას თქვა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი "დიდხანს ვერ გასტანს", თუკი ირანელები გადაწყვეტილების მიღებამდე აშშ-ს თანხმობას არ მიიღებენ. 

"მან [რედ. - ახალმა აიათოლამ] თანხმობა ჩვენგან უნდა მიიღოს. თუ ჩვენგან თანხმობა არ ექნება, დიდხანს ვერ გასტანს. გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ხელახლა მიბრუნება არ მოგვიწევს, როდესაც ჩემნაირი პრეზიდენტი არ იქნება და არ იზამს ამას". - თქვა ტრამპმა

ტრამპის განმარტებით, არ სურს, "რომ ხალხი მიბრუნდეს 5 წელიწადში და იმავეს გაკეთება ხელახლა მოუწიოს ან უარესი, მათ ბირთვული იარაღის ქონის ნება დართონ".

კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ძველ რეჟიმთან კავშირების მქონე პირის არჩევაზე იყოს თანახმა, ტრამპმა დადებითად უპასუხა.

"დავთანხმდებოდი, იმისთვის, რომ კარგი ლიდერი ამერჩია, კი, დავთანხმდებოდი. არაერთი ადამიანია, რომელიც კვალიფიციურია". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა ასევე არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ აშშ ირანის გამდიდრებული ურანის კონფისკაციისთვის სპეცდანიშნულების რაზმებს გამოიყენებს. 

"მაგიდაზე ყველაფერი განიხილება. ყველაფერი". - თქვა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ირანი მთლიანი ახლო აღმოსავლეთის დაპყრობას აპირებდა და მიუთითა, რომ ახლა მათი გეგმები ჩაიშალა. 

"ისინი "ქაღალდის ვეფხვები" არიან. ერთი კვირის წინ "ქაღალდის ვეფხვები" არ ყოფილან, ამას გეტყვით. თავდასხმას აპირებდნენ. მათი გეგმა იყო, რომ მთლიან ახლო აღმოსავლეთს თავს დასხმოდნენ და მთლიანი ახლო აღმოსავლეთი აეღოთ". - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე ირანში სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეის ერთ-ერთმა წევრმა, გილანის პროვინციის წარმომადგენელმა, ჰოსეინალი ეშკევარიმ თქვა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეულია და მის ვინაობას მალე გამოაცხადებენ. მანვე აღნიშნა, რომ "ხამენეის სახელი გაგრძელდება". 

4 მარტს ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ სწორედ მოჯთაბა ხამენეი აირჩია. თუმცა, ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბას არჩევა ოფიციალურად დღემდე არ დადასტურებულა. 

პარალელურად, ორი ირანელი ოფიციალური პირი The New York Times-ს უყვება, ირანმა მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელის დასახელება უსაფრთხოების მიზეზების გამო გადადო, მას შემდეგ რაც ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ახალი ლიდერი შესაძლოა მათი სამიზნე გახდეს.

გამოცემა წერს, რომ აიათოლა ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, ამ თანამდებობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გამოიკვეთა, თუმცა ორი წყაროს NYT-ს თქმით, ირანში მისი უსაფრთხოების გამო მას შემდეგ შფოთავენ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ის შესაძლოა ირანის ახალი ლიდერი გახდეს.

მოჯთაბას კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის მისაღები არ იქნებოდა, ხოლო ისრაელმა აღნიშნა, რომ მოჯთაბა შესაძლოა, მათი შემდეგი სამიზნე გახდეს.

იერიშების შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მომდევნო ლიდერის არჩევაში აშშ-ც უნდა იყოს ჩართული. ტრამპის თქმით, ცუდი იქნება, თუ ირანში ძალაუფლებას ჩაიგდებს ადამიანი, რომელიც "წინასავით ცუდი იქნება" და რამდენიმე დღის შემდეგ დაამატა, რომ  ირანთან "უპირობო დანებების გარდა არანაირი შეთანხმება არ იქნება."

"უპირობო დანებების გარდა ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება! ამისა და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) არჩევის შემდეგ, ჩვენ და ბევრი ჩვენი შესანიშნავი და ძალიან მამაცი მოკავშირე და პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ირანი განადგურების ზღვარზე მყოფი მდგომარეობიდან დავაბრუნოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირანს დიდი მომავალი ექნება" - დაწერა ტრამპმა 6 მარტს. 

კომენტარები