პუტინისტური, ძალადობრივი ალტ ინფოს და "კონსერვატიული მოძრაობის" წევრი, აშშ-ს მიერ სანქცირებული, ზურაბ მახარაძე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციიდან [ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ] გამოვიდეს და მასზე დაფუძნებული კანონმდებლობა შეცვალოს. განცხადება მახარაძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში გააკეთა და ივანიშვილის პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართა.
კობახიძე მახარაძეს დაჰპირდა, რომ "თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ, გპირდებით, რომ ვიმუშავებთ".
"პრემიერმა ახსენა თავის გამოსვლაში, რომ შობადობის თემა არის პრობლემა და სწორად აღნიშნა, რომ მათ შორის, მაგის გამომწვევია იდეოლოგიური საკითხი. ეს რომ გამოიკვეთა და ხელისუფლებამ აღიარა კარგია.
უბრალოდ, მე მაქვს კითხვა - მაშინ რატომ არ ხართ თანმიმდევრული, საკმაოდ დიდი ხანია პრემიერმინისტრი ხართ, რატომ არის საქართველო ისევ სტამბოლის კონვენციის წევრი, რომელშიც პირდაპირაა გაწერილი, რომ ტრადიციული როლები ქალის და კაცის არის პრობლემა და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეგ ჩანაცვლდეს.
ბატონი კობახიძე, როგორც კარგი იურისტი ნამდვილად ერკვევა იმაში, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებს უპირატესი ძალა აქვს შიდა კანონმდებლობებზე თუ რატიფიცირებულია, მაშინ რატომ არ გამოვედით იმ ხელშეკრულებებიდან, სადაც ტრადიციული როლი, რომლითაც ხდება დემოგრაფიის მატება, სადაც ქალი დედაა, ხოლო კაცი დამცველი და შემომტანი, რაც უნდა იყოს და რაზეც უნდა იყოს აქცენტი კანონმდებლობის, ეგეთ ხელშეკრულებებში რატომ ვმონაწილეობთ?
რატომ გვაქვს უკიდურესად რადიკალური ფემინიზმით ინსპირირებული პოლიტიკა, მათ შორის, ოჯახის შიდა საქმეებში აგრესიულ ჩარევებში, როცა ოჯახური კონფლიქტია, რა თქმა უნდა, ძალადობა სადაც ხდება იქ პოლიციამ უნდა იმოქმედოს, მაგრამ სიტყვიერი შელაპარაკების დროსაც რომ ხდება უკვე პოლიციის ჩარევა და, რა თქმა უნდა, ეგეთი ოჯახები ინგრევა მერე, როცა ცოლსა და ქმარს შორის პოლიცია ჩადგა. ამ იდეოლოგიური პოლიტიკის ავტორები და თანამონაწილეები მათ შორის, არის ქართული ოცნება და მაშინ რატომ არ ვცვლით ამ ყველაფერს?". - თქვა მახარაძემ.
კობახიძემ მახარაძეს უპასუხა, რომ აბსოლუტურად იზიარებს დამოკიდებულებას, რომ "იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე" და დაჰპირდა, რომ ამ მიმართულებით იმუშავებს.
"თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა დაგვჭირდა ჩვენ გასული წლების განმავლობაში, ვიღაცები ქილიკობენ, რომ საიდანღაც ჩვენ არ გვთხოვენ კაცების გათხოვებას და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უტრირებული ნათქვამია და ამ სპეკულაციებში არ შევალ.
რეალურად იყო უზარმაზარი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. თქვენ იცით, დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის ძალიან სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ მანკიერ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება.
თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ, გპირდებით, რომ ვიმუშავებთ.
საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. აბსოლუტურად ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე. ამიტომ, მუშაობა არის აუცილებლად გასაგრძელებელი და შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია".- თქვა კობახიძემ.
რა არის სტამბოლის კონვენცია?
ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, იგივე სტამბოლის კონვენცია 2011 წელს დამტკიცდა. ის ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებაა, რომლის მიზაციცაა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა. კონვენციას ხელი საქართველომ 2014 წელს მოაწერა, მისი რატიფიცირება კი 2017 წელს მოახდინა.
კონენციის ხელმომწერები გმობენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ყველა ფორმას:
"აღიარებენ, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის de jure და de facto თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა არის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი;
აღიარებენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ისტორიულად ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალთა უთანასწორობის გამოვლენა, რამაც მიგვიყვანა მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ დისკრიმინაციამდე და მათზე დომინირებამდე და ხელი შეუშალა ქალების სრული თანასწორუფლებიანობის განხორციელებას;
აღიარებენ ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა".
კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები ასევე აღაირებენ, რომ ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, გაუპატიურება, იძულებითი ქორწინება, ეგრეთ წოდებული "ღირსების" სახელით ჩადენილი დანაშაულები.
კონვენციის მე-5 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს მიიღოს ყველა სათაადო საკანონმდებლო ან სხვა ზომა და გამოიჩინოს ყურადღება, რათა აღკვეთონ, გამოიძიონ, დასაჯონ და გაითვალისწინონ კომპენსაცია არასახელმწიფო პირების მიერ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების ჩადენისთვის.
კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, 2017 წელს საქართველომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა და კანონმდებლობა კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანა.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2025 წელს
შინაგან საქემთა სამინსიტროს 2025 წლის მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისთვის 8 138 შემაკავებელი ორდერი გაიცა, ქალთა მიმართ ძალადობისთვის 850 ორდერი, აქედან ოჯახში ფიზიკური ძალადობისთვის - 2 205 ორდერი, ფსიქოლოგიური ძალადობისთვის - 7 533; ეკონომიკური ძალადობისთვის - 79; სექსუალური ძალადობისთვის - 57, იძულებისთვის - 36.
ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის - 174; ფსიქოლოგიური ძალადობისთვის - 779, ეკონომიკური ძალადობისთვის - 4; სექსუალური ძალადობისთვის - 31; იძულებისთვის - 21.
პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა გასულ წელს 4 585 პირის მიმართ დაიწყო. 2 004 პირის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის მუხლით, 1 707-ის წინააღმდეგ მუქარის, 391 პირის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის,114-ის წინააღმდეგ იძულების მუხლით.
ბრალდებულთაგან 4 311 პირი კაცი იყო, ქალი კი 274. მათგან 3 078 დაქორწინებული, 812 კი - განქორწინებული.
დევნადაწყებული პირების უმრავლესობა 3 269 უმუშევარი იყო, ასევე უმრავლესობას 3 428 ბრალდებულს საშუალო განათლება ჰქონდა.
ოჯახური ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან 2017 წლიდან 2023 წლის ჩათვლით:






