ძალადობა ოჯახში

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცეს

facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

წულუკიანის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. წულუკიანის თქმით, მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.

"ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. დღეს მოქმედი რედაქცია არეგულირებს მხოლოდ ოჯახურ ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ცვლილებებით, ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორცილებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრება საგამონაკლისო შემთხვევა − აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი იქნებიან, სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე. 

ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა.

ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.

თეა წულუკიანის თქმით, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 133(2)-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ქალთა წინადაცვეთის კრიმინალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

თეა წულუკიანის თქმით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ ქალთა უფლებები საქართველოში  ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა სტამბულის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.

კომენტარები