შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების რუსული კანონის მიღებას და ივანიშვილის რეჟიმს ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.
უწყების განცხადებით გრანტების რუსული კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ პრიციპებთან და საქართველოს მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებთან.
"საქართველოში ვითარება კიდევ უფრო უარესდება. მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა ეფექტურად შეაფერხებს ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს ძირითად სამოქალაქო საქმიანობას და ხელს შეუშლის პოლიტიკურ აქტივობას. ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი. შვედეთი კვლავ რჩება ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად" - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
4 მარტს, ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო გრანტების რუსული კანონი, რომელიც ასევე მათი ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასაც გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი - ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირი "პოლიტიკური აქტივობისთვის" პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
რეჟიმი ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს, ცვლილებები შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.





