ქართული ოცნების პოლიტიკა

აქაური ადგილობრივი აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია იმართება ერთი ხელიდან - კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმინისტრა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ იმედისა და POSTV-ის დასანქცირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა რეალურად "არავითარი საფუძველი", მისი თქმით, ამას ისიც ადასტურებს, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში "ხელცარიელი" მივიდა. 

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას, ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას. 

"რაც შეეხება, იმას თუ ინფორმაცია საიდან სად წავიდა, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას.

აქედან გამომდინარე, არის მარტივი კოორდინაცია, არის სერიოზული პრობლემები მთლიანობაში ევროპულ ბიუროკრატიაში და ანალოგიური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში. შესაბამისად, იგივე ძალები მართავენ იქაურ ბიუროკრატიას, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. 

ამაზე ხშირად საუბრობს ყოფილი ბრიტანელი პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი, ის პირდაპირ აცხადებს ხოლმე, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს დიფ სტეიტი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას და ამის შედეგები არის სახეზე, არის საერთო კოორდინაცია.

აქაური ადგილობრივი აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია იმართება ერთი ხელიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციების ფონზე, რომელიც აქვს დიდ ბრიტანეთს." - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

ცნობისთვის, 26 თებერვალს, სამთავრობო მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარეთ უორდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრიტანეთის ელჩს არაფერი წარმოუდგენია, რაც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებდა - ბოჭორიშვილი

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო დაასანქცირა. 

კომენტარები