ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში, აშშ-მ F-22-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომლებმაც ბრიტანეთი 24 თებერვალს დატოვეს, ისრაელის ავიაბაზაზე გაგზავნა.
ინგლისის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ლეიკენჰითის აეროდრომი, თანმხლებ ტანკერ-თვითმფრინავებთან ერთად, ჯამში თორმეტმა F-22-მა დატოვა, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო ერთი მათგანი უკან დაბრუნდა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ლეიკენჰითის აეროდრომიდან F-22-ების აფრენის კადრებიც:
აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ს მხრიდან ირანის გარშემო სამხედრო ერთეულების მობილიზების ფართო კამპანიის ნაწილია, რის პარალელურადაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ იერიშების მიტანას განიხილავს, თუკი თეირანი ბირთვული შეთანხმების დასადებად აშშ-ს პირობებს არ დათანხმდება.
ცნობისთვის, F-22 Raptor-ის ტიპის თვითმფრინავი მსოფლიოში საუკეთესო საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლად ითვლება. აშშ F-22-ის საბრძოლო და სტელს ტექნოლოგიას იმდენად მნიშვნელოვნად თვლის, რომ თვითმფრინავის გაყიდვა უახლოესი პარტნიორებისთვისაც კი აკრძალულია და ის ექსკლუზიურად აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ემსახურება.
სამხედრო საჰაერო მიმოსვლის ალიანსის (MATA) მიხედვით, რომელიც ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) დაახლოებით 30-მდე ანალიტიკოსისგან შედგება, ბოლო პერიოდში აშშ-მ რეგიონში ათეულობით ავიაგამანადგურებელი, მათ შორის, F-35-ები, F-22-ები, F-16-ები და F-15-ები გაგზავნა. ახლო აღმოსავლეთში ასევე ჩაფრინდა 85-ზე მეტი ტანკერი და 170-ზე მეტი სატვირთო თვითმფრინავიც





