ყულევის პორტი

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტი - ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დაადასტურა რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო როგორც საკანონმდებლო წინადადება, ისე მტკიცებულებათა პაკეტი. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს

ფიშერის განმარტებით, პაკეტი იმიტომ ვერ მიიღეს, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს

"გუშინ ევროკავშირში უნდა მიგვეღო სანქციების მე-20 პაკეტი, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო და მოიცავდა ახალ ზომებს რუსული ნავთობის წინააღმდეგ, იმ პორტების წინააღმდეგ, რომელიც იღებს რუსულ ნავთობს და ასევე პორტების წინააღმდეგ, რომელიც იღებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებს. 

საქართველოსთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აარჩია, როგორც მისი მოკავშირე, რომელიც როგორც ამბობენ, უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში - კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება!

ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე და მინდა გითხრათ, რომ სასანქციო პაკეტში იყო ყულევის პორტი. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის დაიბლოკა ასევე ამ ორი ქვეყნის მიერ (უნგრეთი და სლოვაკეთი).

როდესაც ევროკავშირში არის საკანონმდებლო წინადადება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ამას მოჰყვება მტკიცებულებების პაკეტი, ჩვენ უბრალოდ არ ვამბობთ: იცით ყულევში შეიძლება რაღაც იყოს და მოდი დავასანქციროთ ის. არა, ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცებულებების პაკეტს და როგორც უკვე ვთქვი, საკანონმდებლო წინადადებაც იყო და მტკიცებულებების პაკეტიც." - განაცხადა ფიშერმა. 

კომენტარები