ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისივე განათლების რეფორმის ფარგლებში, შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარეს. კობახიძის განცხადებით, კვლევის შედეგებით, შრომის ბაზარზე შესასვლელად უმაღლესი განათლება 64 095 ადამიანს სჭირდება.
"შრომის ბაზრის კვლევის მთავარი მიზანი იმის დადგენა იყო, სპეციალობების მიხედვით უნივერსიტეტებში კვოტები როგორ უნდა გადანაწილდეს [...] ამ კვლევის ფარგლებში 12 500 საწარმო გამოიკითხა [...]
სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა იკვეთება [...] პროფესიული ჯგუფების მიხედვით, სამუშაო ძალაზე ჩვენ 5-წლიანი მოთხოვნა შევისწავლეთ - ანუ, არსებითად 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა [...]
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც შრომის ბაზარზე შესასვლელად უმაღლესი განათლება სჭირდება, არის 64 095 - აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, 21 779-ის კი საჯარო სექტორში. აქ ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც იგულისხმება". - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ იმ პროფესიებზე ისაუბრა, რომლებზეც გადაჭარბებული მოთხოვნა, ან დეფიციტია.
"პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროებას რაც შეეხება, აქ კონკრეტული პროფესიები ლიდერობს. ესენია:
- საშუალო სკოლის მასწავლებლები;
- გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები;
- ექთნის დამხმარე სპეციალისტები;
- ექიმი-სპეციალისტები;
- მშენებლობის მენეჯერები;
- პროგრამისტები;
- პროფესიული განათლების მასწავლებლები;
- მშენებლობის ზედამხედველები;
- ელექტროტექნიკოსები;
- მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები
რაც შეეხება გადაჭარბებულ მოთხოვნას: მაგალითად, იურისტების შემთხვევაში, ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის დისბალანსი არის - 2 920. ანუ, სწორედ ამდენი ჩარიცხული სტუდენტი განწირულია იმისთვის, რომ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს. ეკონომიკასა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებითაც სიჭარბე გვაქვს, აგრეთვე უცხო ენებშიც.
დეფიციტით გამორჩეულ მიმართულებებს რაც შეეხება: ერთ-ერთი ასეთია პედაგოგიკა, სადაც ნაკლები სტუდენტი გვყავს, ვიდრე შროის ბაზრის მოთხოვნაა. ასევე, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები. გარდა ამისა, ნაკლებობაა ქიმიური მეტალურგიისა და ტექნოლოგიის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებითაც". - ამბობს კობახიძე.
კობახიძის თქმით, კვლევის მიხედვით, უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, დაახლოებით, 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს.
"როგორც შრომის ბაზრის ანალიზმა გვაჩვენა, უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, დაახლოებით, 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს [...] მაგრამ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება". - თქვა კობახიძემ.





