საპროტესტო აქციები ირანში

HRANA: ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

თეირანი, 8 იანვარი
Wana News Agency/Reuters

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს.

აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3 090 ადამიანის, მათ შორის 2 885 დემონსტრანტის, დაღუპვა დაადასტურა.

გამოცემა Reuters-მა თეირანის რამდენიმე მაცხოვრებელთან დაკავშირება მოახერხა. მათი თქმით, დედაქალაქში სიტუაცია ბოლო ოთხი დღის განმავლობაში შედარებით მშვიდი იყო - ქალაქის თავზე დრონები დაფრინავდნენ, თუმცა 15 და 16 იანვარს მასშტაბური პროტესტის ნიშნები არ შეინიშნებოდა.

გამოცემა ასევე დაუკავშირდა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელმაც განაცხადა, რომ ქუჩები იქაც მშვიდად გამოიყურებოდა.


ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს. 

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. 

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

კომენტარები