რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 ივლისს ორი იტალიელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც იტალიამ რუსეთის საელჩოს ორი სამხედრო ატაშე ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა.
9 ივლისს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევეს რუსეთის საელჩოში განწესებული სამხედრო ატაშეები, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. მოსკოვის მიხედვით, ქვეყნიდან იტალიელი დიპლომატების გაძევება სწორედ ამ გადაწყვეტილების პასუხად მოხდა.
რუსეთის საგარეოს ცნობით, იტალიის საელჩოს ატაშე დავიდე დ’აპრილე და თავდაცვის საკითხებში მისი თანაშემწე ვიტორიო პარელა პერსონა ნონ-გრატად არიან გამოცხადებულნი და მათ სამი დღის განმავლობაში ოჯახებთან ერთად რუსეთი უნდა დატოვონ.
სამინისტროს განცხადებით, დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების "საფუძველი ნაცვალგებაა". ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევებასთან დაკავშირებით სამინისტროში საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯოვანი სკოპა, დაიბარა.
თავის მხრივ, ტაიანიმ რუსეთის გადაწყვეტილება X-ზე გააკრიტიკა და დაწერა, რომ რომის გადაწყვეტილების საბაბი რუსი ატაშეების მხრიდან ჯაშუშური საქმიანობა იყო, ხოლო მოსკოვის პასუხს "საფუძველი" არ გააჩნდა.
ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ორი პირი დააკავეს რუსეთის აგენტისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით. პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი იტალიის კარაბინერების ყოფილი ოფიცერია. ხოლო საქმის ფარგლებში გამოძიების ქვეშ კიდევ ხუთი პირი იმყოფება.





