მექსიკური კარტელები

მექსიკაში არმიის მხრიდან კარტელის ლიდერის მკვლელობას ქვეყნის მასშტაბით შეტაკებები მოჰყვა

მექსიკის მთავრობის ინფორმაციით, 22 თებერვალს ჩატარებული ფედერალური სპეცოპერაციის შედეგად, მექსიკის არმიამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი "ხალისკოს ახალი თაობის კარტელის" ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვანტესი, მეტსახელად "ელ მენჩო," მოკლა. 

აშშ-ს მთავრობის მიხედვით, ოსეგერა, რომელიც ყოფილი პოლიციელი იყო, ხალისკოს ახალი თაობის კარტელს (CJNG) მაშინ ხელმძღვანელობდა, როცა კარტელი მექსიკის შიგნით ერთ-ერთ "ყველაზე ძლიერ და სასტიკ კრიმინალურ ორგანიზაციად" გადაიქცა.

"ელ მენჩოზე" აშშ-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული და ამერიკის მთავრობას ასევე დაწესებული ჰქონდა $15 მილიონის ოდენობის ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელსაც ოსეგერას დაკავება და/ან გასამართლება მოჰყვებოდა.

მექსიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სამხედრო ოპერაცია ხალისკოს შტატში ჩატარდა. კარტელის ლიდერის ლიკვიდაციამდე ხალისკოსა და სხვა შტატებში რამდენიმე საათის განმავლობაში გზები დამწვარი მანქანებით იყო გადაკეტილი, რა ტაქტიკასაც კარტელები ხშირად მიმართავენ სამხედრო სპეცოპერაციებისთვის ხელის შეშლის მიზნით. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოსეგერას მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მექსიკაში სამართალდამცავ ორგანოებსა და კარტელის წევრებს შორის შეტაკებები გაგრძელდა. 

X-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ქალაქ ხალისკოში ჩანს კვამლის რამდენიმე კერა, ზოგიერთ კადრში კი ხალხი გვადალახარის აეროპორტიდან შეშინებული გამორბის:

კარტელის ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ Air Canada-მ განაცხადა, რომ "მიმდინარე უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე" ქალაქ პუერტო-ვალარტისკენ ფრენები გაუქმდებოდა. 

პარალელურად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მექსიკის ხალისკოს, ტამაულიპასისა და მიჩოაკანის შტატებში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს თავშესაფრის პოვნისკენ მოუწოდა.

კომენტარები