ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოპერაცია უტარდება

AIASHARA

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ეშსოუ კაკალიას ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ, ის ახლა ჭრილობებისა და თავის ტრავმის გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

კაკალია მარიონეტული რეჟიმის ე.წ. გენერალური პროკურორის ყოფილი დე ფაქტო მოადგილეა და დე ფაქტო ოპოზიციური ორგანიზაციის აიდგილარას ერთ-ერთი ლიდერია. 

მარიონეტული რეჟიმის შსს-მ კაკალიას ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კაკალია ტყვიით დაიჭრა და სხეულის დაზიანებები მიიღო.

თვითგამოცხადებული შსს-ს მიხედვით, "დანაშაული პირების დაჯგუფებამ საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა" და შემთხვევა დაახლოებით 21 თებერვალს დაახლოებით 3:15 საათზე მოხდა. 

ადგილობრივი დე ფაქტო ოპოზიციური მედია ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ კაკალიაზე თავდასხმაში ბესლან ეშბას ნათესავები მონაწილეობდნენ. 

ცნობისთვის, გასულ თვეებში კაკალია აქტიურად აკრიტიკებდა ოკუპირებული რეგიონის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მათ შორის, ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას გარემოცვას კორუფციასა და მოსკოვზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა და მისი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის, ბესლან ეშბას გადადგომას ითხოვდა. 

კომენტარები