ირანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე სამომავლო მოლაპარაკებების "სახელმძღვანელო პრინციპებზე" შეთანხმებას მიაღწიეს - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სამშაბათს განაცხადა.
აიათოლების წარმომადგენელმა თქვა, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან იმაზე ბევრად "სერიოზული" იყო, ვიდრე ომანში გამართული წინა რაუნდი. არაღჩიმ შეხვედრა "პოზიტიურად" შეაფასა, თუმცა, დასძინა, რომ საბოლოო შეთანხმება "სწრაფად" ვერ იქნება მიღწეული.
"ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთგაგებას სახელმძღვანელო პრინციპებზე თუმცა შეთანხმების ტექსტის შედგენისა და წერის ფაზა ბევრად რთული იქნება." - განაცხადა არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას.
მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო რაუნდამდე შეიმუშავებენ შეთანხმების სამუშაო ვერსიებს და მათ ერთმანეთს გაუზიარებენ. არაღჩის განცხადებით, ამ ეტაპზე ირანულ მხარეს გაცილებით მკაფიო სურათი აქვს იმისა, თუ რა სამუშაოა ჩასატარებელი და რა გზით უნდა წარიმართოს პროცესი. მომდევნო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მოლაპარაკებების პარალელურად, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხომეინი მუქარებს ავრცელებდა:
"ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანისკენ ავიამზიდი გაგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია ის იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე ჩაძირვა შეუძლია,” - ამბობს ხამენეი.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდიც გაგზავნა იმ შემთხვევისთვის, თუკი ირანის რეჟიმი აშშ-სთან "სწორ შეთანხმებას" არ დადებს. პარალელურად, გამოცემა Reuters წერს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანთან გრძელვადიანი დაპირისპირების შესაძლებლობისთვის ემზადება.
პარალელურად, X-ზე ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკური წყაროები წერენ, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ძალების მობილიზებას ამ დრომდე განაგრძობს.





