ერთობლივი ევროპული ბირთვული შეკავება

გერმანიის წარმომადგენლის თქმით, საფრანგეთთან ბირთვულ შეკავებაზე საუბრები ადრეულ ეტაპზეა

ფრანგული ბირთვული წყალქვეშა ხომალდი Le Terrible

გერმანიის მთავრობის სპიკერმა მედიასთან საუბრის დროს თქვა, რომ კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ერთობლივი ევროპული ბირთვული შემაკავებლის შექმნაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეულ ეტაპზეა და აშშ-ს როლის შემცირებას მიზნად არ ისახავს.

"საუბრის მიზანია შევისწავლოთ, რამდენად შესაძლებელია ბირთვულ შეკავებაზე უფრო ახლო კოოპერაციის მიღწევა... საუბრები ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზეა." - თქვა სპიკერმა პრესკონფერენციაზე.

სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საუბრების მიზანი ევროპაში აშშ-ს ბირთვული ქოლგის ჩანაცვლება არაა.

"ეს არ ეხება აშშ-ს დამცველობითი ფარის ჩანაცვლებას, არამედ მის დახმარებასა და გაძლიერებას... შეერთებული შტატები NATO-ს ბირთვულ შეკავებაში ცენტრალურ როლს თამაშობს. ეს არის ასე ახლა და გვსურს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს." - თქვა გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

გასულ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპელი მაღალჩინოსნები საჯაროდ უჭერდნენ მხარს კონტინენტური ბირთვული შეკავების იდეას. ერთობლივი შეკავების საუბრებში ჩართვა არ გამორიცხა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტუული დუნეტონმა. იდეას დადებითად შეხვდა ლატვიის პრემიერმინისტიც. 

მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ევროპული ბირთვული შეკავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს მერცმა და მაკრონმაც.

ბირთვული მოლაპარაკებები საფრანგეთსა და გერმანიას შორის, რომელიც სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის შვედეთსაც მოიცავს, ჯერჯერობით ადრეულ ეტაპზეა.

კონტინენტურ ევროპაში საკუთარი ბირთვული იარაღი მხოლოდ საფრანგეთს გააჩნია. ბირთვული იარაღი აქვს დიდ ბრიტანეთსაც. NATO-ს დანარჩენ ქვეყნებს ამერიკის ბირთვული ქოლგა იცავს. გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებულია ამერიკული ბირთვული იარაღი.

კომენტარები